კორონავირუსის ეპიდემიის გენდერული ასპექტები
როგორც იცით, კორონა ვირუსი პანდემიად აღიარეს. პანდემია თავისი მოცულობით და დაზიანების ხარისხით კატასტროფის/სტიქიის კატეგორიაში ჯდება. UNISDR-ის განსაზღვრების თანახმად, კატასტროფა, თავის მხრივ, გულისხმობს, საზოგადოების ან მისი ფუნქციონირების სერიოზულ შეფერხებას, რაც მოიცავს ადამიანურ, მატერიალურ, ეკონომიკურ და გარემოზე გავრცელებულ ზარალს, რომელიც აღემატება დაზარალებული საზოგადოების გამკლავების შესაძლებლობებს.
ასევე, ნორისი (2000) განსაზღვრავს კატასტროფას, როგორც ფართომასშტაბიან მოვლენას, რომელიც ხშირად მოულოდნელია და იწვევს სიკვდილს, ტრავმას და ქონების განადგურებას. ხშირ შემთხვევაში, კატასტროფასთან ასოცირდება ეკონომიკური ზიანი, საზოგადოებრივი დანაკარგი. მაგრამ, ასევე, აღსანიშნავია მისი გავლენა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. ფსიქიკური ჯანმრთელობა ჩვენი კეთილდღეობის ის მნიშვნელოვანი ნაწილია რაზეც კატასტროფამ/პანდემიამ, ირიბად თუ პირდაპირ, შეიძლება ნეგატიურად იმოქმედოს.
კატასტროფებთან დაკავშირებით,იკვეთება სამი ყველაზე გავრცელებული ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა 1) პოსტ-ტრავმული სტრესული აშლილობა (PTSD) 2) მწვავე სტრესული აშლილობა 3) დეპრესია. მინდა ასევე აღვნიშნო, რომ პანდემიამ შეიძლება არ გამოიწვიოს ეს აშლილობები და მხოლოდ მცირე დისტრესი და შფოთვა გამოვლინდეს. ასევე, აღსანიშნავია ისიც, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობა კომპლექსური ფენომენია და პანდემია/კატასტროფა შეიძლება წარმოადგენდეს მხოლოდ ტრიგერს.
კატასტროფამ შეიძლება ათასობით ადამიანზე მოახდინოს გავლენა, მაგრამ მხოლოდ გარკვეულ პროცენტს გამოუვლინდეს შემდგომი ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები. რისკი, როგორც წესი, განისაზღვრება როგორც მოვლენის ალბათობის და მისი შედეგების სიმძიმე , როვი(1977). ერთ-ერთ რისკის ჯგუფს კატასტროფის შემდგომი ფსიქოლოგიური დარღვევების განვითარების კუთხით, ქალები წარმოადგენენ (ბოლინ ,2006).
რატომ არიან ქალები უფრო მოწყვლადი/რისკ -ჯგუფი
ამ რეალობაში, სადაც სამყარო ასე სწრაფად ვითარდება და ამდენ გამოწვევას გვიმზადებს, რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, ქალების და კაცების უფლებები კვლავაც არ არის თანაბარი. შეიძლება ბევრი კანონით უზრუნველყოფილია თანასწორობა, მაგრამ ფაქტია, რომ არსებობს pay-gap. სახეზეა კულტურული როლები და ბევრი სხვა ფაქტორი, რაც ნეგატიურად აისახება ქალების კეთილდღეობაზე.
ზოგადად, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების სტატისტიკის თანახმად, ქალებში ორჯერ უფრო მეტად არის გავრცელებული PTSD-ის შემთხვევები, ვიდრე მამაკაცებში (9,9% vs 4.8%); ასევე, აღსანიშნავია, რომ ქალებს დეპრესიული სიმპტომების ჩამოყალიბების უფრო მაღალი რისკი აქვთ, ვიდრე კაცებს; ეს სტატისტიკა მიუთითებს, რომ ქალებში კატასტროფის წინამორბედი რისკ ფაქტორები აშკარად გამოხატულია.
კატასტროფის წინამორბედი რისკების ფაქტორები?
კატასტროფის წინამორბედი რისკ ფაქტორების მიხედვით, გარკვეულწილად შეგვიძლია კატასტროფის შემდგომი ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების პროგნოზირება.
ეს ფაქტორებია:
> ქალების დაბალი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსი და მამაკაცებზე დამოკიდებულება (გალეა, 2005); ამ ფაქტორმა შეიძლება ხელი შეუშალოს ქალის დამოუკიდებლობას, ძალადობის დროს ქმართან/პარტნიორთან დაშორებას და ა.შ.
> დაბალი სოციალური მხარდაჭერა, რაც ნიშნავს ოჯახის, მეგობრების, ახლობლების მხარდაჭერას. თუ ქალს არ აქვს ძლიერი სოციალური მხარდაჭერა კატასტროფამდე, კატასროფის შემდგომ უფრო გაუჭირდება ამ სოციალური მხარდაჭერის მოპოვება.
> განსხვავებული სოციალური როლები. სამწუხაროდ, ბევრ კულტურაში ქალის მთავარ როლად აღიქმება იყოს დიასახლისი ან მოუაროს ხანდაზმულს. იმ კულტურებშიც სადაც ქალებს აქვთ ეკონომიური თუ სოციალური დამოუკიდებლობა უფრო ხშირად ქალებს აკისრიათ მთავარი აღმრდზელის როლი. შესაბამისად, თუ კატასტროფამდე არ არის გენდერული ბალანსი დაცული, კატასტროფის დროს, სახლის საქმეები და დატვირთვა ორმაგდება.
> ზოგადად, ქალები უფრო ხშირად განიცდიან ბიოლოგიურ სტრესს, როგორიცაა ჰორომონების ცვლა, მშობირაობა და ა.შ.
სტიქიის შემდგომი რისკის ფაქტორები?
ფსიქიკური ჯანმრთელობის კუთხით, ასევე, გასათვალისწინებელია სტიქიის შემდგომი რისკ ფაქტორები. სამაშველო ცენტრებში მოხალისეებად, მედდებად, ან მომვლელებად უფრო მეტი ქალი მუშაობს, ვიდრე კაცი, რაც მათ ტრავმული მოვლენების ზემოქმედების რისკის ქვეშ აყენებთ.
პანდემიის დროს, ასეთი პროფესიების ქალებს გაუთვალისწინებლად, ბევრი ადამიანის მოვლა უწევთ, ამას ემატება ოჯახის წევრებთან კომუნიკაცია, შესაბამისად, იზრდება მათი დაღლილობა და სტრესი; დადასტურებულია, რომ სტიქიის დროს უფრო მაღალია გენდერული ნიშნით ძალადობის შემთხვევები; ქალებს უფრო ხშირად აქვთ სტიქიის შემდგომი ტრავმა, მათ შორის, მათზე მომატებული სხვადასხვა ფორმის ძალადობის გამო, ვიდრე მამაკაცებს, (UNISDR,2003), UNPD ანგარიში. ასევე, აღსანიშნავია, რომ პანდემიის დროს, ქალებს უწევთ უფრო მეტი ემოციური მხარდაჭერის გაწევა სხვებისთვის, რადგან ნორმალური სტრუქტურები დარღვეულია, მაგალითად, უფრო ნაკლებად არის ხელმისაწვდომი ფსიქოლოგიური დახმარება; ასევე, იზრდება სახლის საქმეების რაოდენობა, მაგალითად, ბავშვის, ხანდაზმულის მოვლა. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ბავშვის მოვლის სხვა საშუალებები, როგორიცაა ბაღი, ძიძა ხშირ შემთხვევაში არ ფუნქციონირებს, დაქვეითებულმა დამხმარე მექანიზმებმა, შესაძლოა გამოიწვიოს უფრო დიდი დისტრესი, იმ შემთხვევაში, თუ ქალი ოჯახს ფინანსურადაც უზრუნველყოფს (Amnesty International, 2011).
ეს მხოლოდ მოკლე ჩამონათვალია, იმ ფაქტორებისა, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი გენდერული რისკ ფაქტორების დანახვა და აღიარება უკეთესი ფსიქიკური ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის. შეიძლება, ქვეცნობიერად, ინტუიტიურად ვხდებოდით, რომ კატასტროფების დროს ქალები უფრო დიდი წნეხის ქვეშ არიან, მაგრამ წინამდებარე კვლევები, ამას ადასტურებენ.
ჩემი აზრით, მომავალში საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციებისათვის უნდა შეიქმნას სახელმძღვანელო, თუ როგორ გაითვალისწინონ გენდერული ფაქტორები და დაიცვან რისკ-ჯგუფები, რაც გულისხმობს მათთან მუშაობას, მეტი ფსიქოლოგიური თუ სოციალური სერვისების მიწოდებას.
რა გავაკეთოთ ჩვენ ჯანმოს რეკომენდაციების თანახმად
ეფექტური გადაუდებელი რეაგირება
ჯანმო-ს მიერ დამტკიცებული უწყებათაშორისი ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ფსიქო-სოციალური დახმარების სახელმძღვანელოს მითითებებით, საგანგებო სიტუაციებზე ეფექტური რეაგირებისთვის, რეკომენდებულია მომსახურების უზრუნველყოფა მთელ რიგ დონეებზე – დაწყებული ფსიქიკური ჯანმრთელობის პირველადი დახმარებიდან. ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე კლინიკური დახმარების გაწევა უნდა მოხდეს ამ დარგის სპეციალისტების მეთვალყურეობით. მაგალითად, იმ ქალებს ვისი ახლობლებიც ან თვითონ არიან კორონა ვირუსით ინფიცირებულები უნდა გაეწიოთ პირველადი ფსიქოლოგიური დახმარება.
თემის თვითდახმარება და სოციალური დახმარება
უნდა მოხდეს თემის თვითდახმარების და სოციალური დახმარების გაძლიერება, მაგალითად, საზოგადოებრივი ჯგუფების შექმნით. ამ შემთხვევაში, თვითიზოლირებული ადამიანების ჯგუფი, ან სპეციალური ჯგუფი, დახმარებას გაუწევს კორონა ვირუსის ეპიდემიიის დროს ადამიანებს, ვისაც ეს სჭირდება. ჯგუფის წევრები შეიძლება სხვებს დაეხმარონ ახალი უნარების შესწავლაში ან სხვადასხვა აქტივობებში. მაგალითად, ონლაინ კურსი, ახალი ჰობი, ფილმის განხილვა ან ვარჯიში. ეს, თავის მხრივ, უზრუნველყოფს მარგინალიზებული ჯგუფების ჩართულობას. სასურველია ისეთ აქტივობებში ჩართვა, როგორიცაა ვარჯიში, მედიტაცია. ეს აქტივობები და ჩართულობა ქალებს ეფექტურად და სწრაფად დაეხმარება, რაც შეამცირებს დისტრესს და მარტოობის განცდას. თვითიზოლაციის დროს შესაძლებელია online ვახშამის ორგანიზებაც, რადგან კომუნიკაცია ამცირებს დისტრესს.
ძირითადი კლინიკური მკურნალობა
ძირითადი კლინიკური მკურნალობა (ფსიქიკური ჯანმრთელობის) მოიცავს რამდენიმე პრიორიტეტს (მაგ., დეპრესია, ალკოჰოლური და სხვა ნივთიერებების ბოროტად გამოყენება). აუცილებელია, რომ კრიზისის დროს, როდესაც ნორმალური სტრუქტურა ნაწილობრივ დარღვეულია, გაგრძელდეს მკურნალობა. იდეალურ შემთხვევაში, სამედიცინო პერსონალიც უნდა იყოს თავის მხრივ, მომზადებული ამ საკითხებში. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენი ახლობლები შესაბამის დახმარებას იღებენ, დადიან შესაბამის სერვისებში და მაქსიმალურად დავეხმაროთ მათ ამ სერვისების მიღებაში.
ფსიქოლოგიური დახმარება
ფსიქოლოგიური დახმარება (მაგ. კოგნიტურ-ქცევითი თერაპიის პრინციპებზე დაფუძნებული ინტერვენციები, ფსიქოგანათლება) იმ პირებისთვის ვისაც ავქთ გამოხატული დისტრესი.
ბოლოსიტყვაობა
ეს ყველაფერი მალე გადაივლის და წინ გველის პოზიტიური ცვლილებები, ამ დროს ბევრ რამეს გადავაფასებთ კიდეც. მსგავსი გამოწვევების დროს ორმაგი პასუხისმგებლობა გვაქვს, გავუფრთხილდეთ სხვებს! მითუმეტეს, მოწყვლად ან რისკ ჯგუფებს, მაქსიმალურად შევინარჩუნოთ მათი კეთილდღეობა. ეს შეიძლება ნიშნავდეს ჭიქის გარეცხვას, უბრალოდ მოკითხვას, იმის თქმას, რომ თქვენ მის გვერდით ხართ, სახალისო ამბის მოყოლას. ყოველთვის ზედაპირზე არ ჩანს რა უჭირს ადამიანს, ამიტომაც, ჩვენი მხრიდან ყოველი პატარა სასიკეთო ნაბიჯი თუ საქციელი მნიშვნელოვანია.
რუსუდან ზაალიშვილი
რუსუდან ზაალიშვილი, King’s College London-ის მაგისტრია ფსიქიკური ჯანმრთელობის კლინიკური ფსიქოლოგიის მიმართულებით. მას აქვს კვლევის შესრულების მდიდარი გამოცდილება მაღალი ევროპული სტანდარტის მიხედვით. რუსუდანი საერთაშორისი განათლების ცენტრის სტიპენდიანტია. მისი კვლევითი ინტერესებია: ფსიქიკური ჯანმრთელობა; კვლევითი ინსტრუმენტების ვალიდაცია; კოგნიტური მიკერძოებები, ადიქცია, ტრამვა, პოლიტიკის დაგეგმვა.