ქრონიკული სტრესის გავლენა ემოციებსა და ქცევებზე
სტრესის ფიზიოლოგიის განხილვისას, წინა მასალებში აღვნიშნეთ, რომ თავის ტვინის ქერქქვეშა სტრუქტურები (კერძოდ, ჰიპოთალამუსი), სტრესზე საპასუხოდ ორი მიმართულებით იწყებს მოქმედებას, რის შედეგად თირკმელზედა ჯირკვლიდან სტრეს-ჰორმონები (ადრენალინი, ნორადრენალინი და კორტიზოლი) გამოთავისუფლდება. ადრენალინი და ნორადრენალინი მყისიერ ‘ბრძოლა-გაქცევაზე’ პასუხისმგებელი ჰორმონებია, ხოლო კორტიზოლი შედარებით მოგვიანებით თავისუფლება და უფრო ხანგრძლივად რჩება ორგანიზმში.
ქრონიკული სტრესი გავლენას ახდენს ადამიანის ემოციებზე და ქცევაზე, ტვინის იმ სტრუქტურების მეშვეობით, რომლებიც განსაკუთრებით მდიდარია გლუკოკორტიკოიდული რეცეპტორებით, საითკენაც კორტიზოლი მიილტვის. ეს სტუქტურებია, პირველ რიგში, ჰიპოკამპი (Hippocampus, რომელიც პასუხისმგებელია ახალი ინფორმაციის სწავლაზე, ხანმოკლე მეხსიერების ხანგრძლივ მეხსიერებაში ჩაწერაზე) და ტვინის ქერქის ფრონტალური ნაწილი (Frontal Cortex, რომელიც პასუხისმგებელია იმპულსის კონტროლზე, უმაღლეს შემეცნებით პროცესებზე, აზროვნებაზე, განსჯაზე, დაგეგმვაზე და პრობლემების გადაჭრაზე). ზუსტი მექანიზმი დადგენილი არ არის, თუმცა ითვლება, რომ ეს სტრუქტურები, ჭარბი სტრეს – რეაქციის გამო, ანთებითი ცვლიელებების შედეგად, დაზიანებას განიცდის და ატროფირდება, რაც ვირთხებზე ექსპერიმენტმაც გამოავლინა.
ქრონიკული სტრესი გავლენას ახდენს ჩვენს ემოციებზე და ქცევებზე. ემოციებზე გავლენა, პირველ რიგში, გამოიხატება დეპრესიით, რომლის პათოგნომური სიმპტომია ანჰედონია (Anhedonia – სიამოვნების განცდის დაქვეითება). ბიოლოგიურად, საფუძვლად, ანჰედონიას უდევს სარტყლისებრ სხეულის (Anterior Cingulate, რომელიც ფრონტალური კორტექსის ამომფენი სტრუქტურაა) დაზიანების შედეგად, სეროტონერგიული გადაცემის დაბლოკვა.
შედეგად, ადამიანს უქვეითდება გუნება – განწყობა, ეუფლება უხალისობა, დათრგუნვა (უიმედობა), რის ფონზეც სტრესორებისადმი მეტად მოწყვლადი ხდება. ქრონიკულ სტრესსა და დიდ დეპრესიის ეპიზოდს შორის კავშირს, ყველაზე კარგად ასახავს ტერმინი „დასწავლილი უმწეობა”. ეს ტერმინი გულისხმობს იმას, რომ ადამიანი, სწავლობს კონტროლის სადავეების ხელიდან გაშვებას, ვინაიდან, სტრესის ფონზე, ნაკლებად და ნაკლებად აკონტროლებს საკუთარ ცხოვრებას, რასაც საბოლოოდ დეპრესიის ეპიზოდის განვითარებამდე მიჰყავს.
ქრონიკული სტრესის მეორე მნიშვნელოვან ემოციურ და ქცევით შედეგს წარმოადგენს ბრაზი (Anger). სტრესის ფიზიოლოგიურ მექანიზმს იკვლევდნენ მაიერ ფრიდმანი და რეი როზენმანი. ისინი სწავლობდნენ სტრესის ფონზე, გულის გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისადმი მზარდ მოწყვლადობას. მათ საკვლევი პირები დაყვეს A და B ტიპებად, სადაც A ტიპში გააერთიანეს რეაქტიული, აგრესიული, შემტევი ადამიანები, ვინც ძალზე იოლად ბრაზდებოდნენ. იოლი ხასიათის, ნაკლებად გაღიზიანებადი მონაწილეები კი გააერთიანეს B ტიპში. კვლევის მიმდინარეობის 9 წლის მანძილზე, გულის შეტევები (გულის იშემიური დაავადება) უვითარდებოდა უმეტესად A ჯგუფში გაერთიანებულ მონაწილეებს. კვლევის შედეგად დაასკვნეს, რომ რეალურად, ტოქსიკური ნიშანია იოლი გაღიზიანებადობა, მტრული დამოკიდებულება გარემოსადმი და აგრესიულობა, რაც მიდრეკილს ხდის ადამიანს გულის დაავადების განვითარებისადმი. წინა მასალებში, არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ მწვავე სტრესი ბიძგს აძლევს „ბრძოლა-გაქცევის“ რეაქციას. ბრაზს ბუნებრივად თან ახლავს ‘ბრძოლის’ კომპონენტი. ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ ხშირად, ბრაზი სტრესზე საპასუხო ქცევით რეაქციას წარმოადგენს.
მესამე საპასუხო ემოციურ რეაგირებას, ქრონიკულ სტრესზე, წარმოადგენს შფოთვა (Anxiety), რომელზეც პასუხისმგებელია ლიმბური სისტემის სხვა ნაწილი − ამიგდალა (Amygdala). სწორედ ეს ქერქქვეშა სტრუქტურა არეგულირებს შიშს და ფობიებს. აღნიშნული საუკეთესოდ აიხსნება სტრესზე საპასუხო რეაგირებით. როგორც ზემოთ ვთქვით, ბრაზი წარმოადგენს სტრესზე სიმპათიკური ნერვული სისტემის საპასუხო ‘ბრძოლის’ კომპონენტს. ‘გაქცევის’ რეაქციას კი რა ემოცია ახლავს თან? ბუნებრივია, შიში. სტრესორის აღქმისას, ამიგდალა ამუშავდება, რის გამოც მეტ და მეტ რამეს აღვიქვამთ საშიშროებად, რაც ზრდის ჩვენ შფოთვას.
მეოთხე მნიშვნელოვან საპასუხო ემოციურ და ქცევით ეფექტს წარმოადგენს ფსიქოაქტიურ ნივთერებებზე დამოკიდებულება (addiction). სტრესის დაძლევის არაერთი ჯანსაღი გზა არსებობს, თუმცა, ასევე, არსებობს ნეგატიური, დამანგრეველი გზებიც, როგორიცაა ალკოჰოლის ავადგამოყენება, რასაც ადამიანი დამოკიდებულებამდე მიჰყავს. ამის მსგავსია თამბაქოს ჭარბად მოხმარება და ნარკოტიკული საშუალებების გამოყენება, რასაც მრავალი ადამიანი სტრესთან გამკლავების სტრატეგიად იყენებს. სტრესსა და ფსიქოაქტიურ ნივთერებებზე დამოკიდებულებას შორის კავშირი შეიძლება აიხსნას თავის ტვინის ქერქის ფრონტალური ნაწილის დაზიანებით. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ქერქის ეს ნაწილი არეგულირებს უმაღლეს შემეცნებით პროცესებს, იმპულსის კონტროლს, განსჯას და დაგეგმვას. ამ ფუნქციების დაქვეითება ზრდის დესტრუქციული დაძლევის მექანიზმების ამუშავების ალბათობას (ფსიქოაქტიური ნივთერებების გამოყენებას).
არსებობს ქრონიკულ სტრესთან დაკავშირებული მრავალი ემოციური და მრავალი ქცევითი ეფექტი, მაგრამ ზემოთ აღწერილი ოთხი ნეგატიური შედეგი (ოთხი ‘A’), ყველაზე ხშირად ახლავს ქრონიკულ სტრესს.
ავტორი: ქეთევან აბდუშელიშვილი
წყარო: https://www.youtube.com/watch?v=tOWDKfDjmnk&list=WL&index=6&t=0s