სტრესის გავლენა ჩვენ სომატურ ჯანმრთელობაზე
ჩვენი გული ავტომანქანის ძრავს ჰგავს: მას სარქველები და ბაროკამერები აქვს. ისევე, როგორც ძრავა ამოძრავებს მანქანას, ასევეა, ჩვენი გულიც: ის ამუშავებს მთელ ჩვენს სხეულს და ყველა ორგანოს. სწორედ გული აწვდის ყველა ორგანოს სისხლს, საკვებსა და ჟანგბადს. გული გარემოს ცვლილებებთან ადაპტირდება. როგორც კი მწვავე სტრესის მდგომარეობაში აღმოვჩნდებით, გული ცდილობს, სწრაფად იმოქმედოს და „აქსელერაციის სატერფულს“ მთელი ძალით აწვება: იწყებს სწრაფად შეკუმშვას, სისხლძარღვების (მყარ) კედლებში მოაქცევს ჟანგბადით და საკვებით მდიდარ სისხლს და სწრაფად აწვდის ორგანოებს. მწვავე სტრესზე საპასუხოდ, გულის ასეთი რეაგირება გარემოსთან შეგუებაში გვეხმარება, მაგრამ სასურველი არ არის, ხანგრძლივად იმუშაოს ჩვენმა გულმა ასეთ ტემპში, ვინაიდან გადაწვა-გადაღლა და გამოფიტვა გარდაუვალი იქნება.
ქრონიკული სტრესი აზიანებს ჩვენს გულს, რაც პირველ რიგში, სისხლის წნევის მომატების (BP>) შედეგია. ამ დროს, სისხლძარღვები გადაბერილია, სისხლძარღვების კედლები მეტ წინააღმდეგობას უქმნის სისხლის ნაკადს, ვინაიდან უფრო რიგიდული ხდება. ამიტომ გულს მეტი და მეტი შეკუმშვის ძალა სჭირდება, რომ სისხლი მოძრაობაში მოიყვანოს. ეს ქმნის მანკიერ წრეს, რაც უფრო ინტენსიურად გადაედინება გულიდან სისხლი მსხვილ სისხლძარღვებში, მეტად რიგიდული, ნაკლებად ელასტიკური ხდება სისხლძარღვების კედლები და უფრო მატულობს წნევა, რასაც მივყავართ ჰიპერტონულ დაავადებამდე (HTN). ამ დროს, სისხლის წნევა სტაბილურად მაღალი რჩება, რაც დამაზიანებლია სისხლძარღვებისთვის და ყალიბდება კარდიოვასკულური დავადება (Vascular Disease). როცა სისხლი მუდმივად ეხეთქება სისხლძარღვების კედლებს, თანაც, ამ სისხლის წნევა გაცილებით აღემატება ნორმალურ წნევას (რომელსაც იოლად უძლებს ჩვენი სისხლძარღვები), ეს იწვევს მიკროტრავმებს და შესაბამისად, სისხლძარღვის კედლის ანთებით დაზიანებას. ამ ადგილებში, დროთა განმავლობაში, ჩალაგდება ათეროსკლეროზული ნადები (ათეროსკლეროზული ფოლაქები), რომელიც ცხიმისა და ქოლესტერინისგან შედგება. ეს წარმონაქმნები, სისხლძარღვების სანათურს ავიწროებს, რაც მთელ სხეულში ხდება. განსაკუთრებით საშიშია კორონარული ანუ გულის კუნთის მკვებავი სისხლძარღვების შევიწროება, რასაც კორონარული არტერიების დაავადება ჰქვია (C.A.D). ამ დროს თავად გულის ქსოვილის სისხლმომარაგება უარესდება. შედეგად, გული ქრონიკულად განიცდის საკვების და ჟანგბადის შიმშილს. დროთა განმავლობაში, კორონარული არტერიების შევიწროვების შედეგად, შესაძლოა სანათური დაიხშოს და გულის კუნთის ქსოვილი კვდომას დაიწყებს. ამას ჩვენ გულის შეტევას ვუწოდებთ (მიოკარდიუმის ინფარქტი). გულის ასეთი მდგომარეობის გამო, ჩვენი სხეულის ყველა ორგანო „გასაჭირში“ ვარდება.
სტრესი ნეგატიურ გავლენას ახდენს ჩვენს მეტაბოლურ სისტემაზე (Metabolism ანუ ნივთიერებათა ცვლა). ჩვეულებრივ, ჭამის შედეგად მიღებული საკვების ნაწილს ჩვენი ორგანიზმი გადაინახავს „შავი დღისთვის“. ეს მარაგები ხელუხლებელი რჩება, ვიდრე ჩვენ ექსტრემალურ გრემოებაში ანუ სტრესის წინაშე აღმოვჩნდებით.
როგორც ვიცით, მწვავე სტრესის დროს, თავის ტვინის ქერქქვეშა სტრუქტურები (ჰიპოთალამუსი) ორი მიმართულებით იწყებს მოქმედებას, ერთვება მყისიერად:
ა) ბრძოლა-გაქცევის რეაქციის (სიმპათიკურ – მედულარული ღერძი (SMA)) და
ბ) შედარებით მოგვიანებით HPA ჰიპოთალამუს – ჰიპოფიზის ღერძი, რომელიც თირკმელზედა ჯირკვლის ქერქოვანი შრიდან კორტიზოლის და გლუკაგონის გამოყოფას იწვევს. სწორედ გლუკაგონი ახდენს შენახული მარაგების გლუკოზად გადამუშავებას და საჭირო ენერგიის გამოთავისუფლებას.გამოთავისუფლებული ენერგია ხმარდება მწვავე სტრესზე „ბრძოლა/გაქცევის“ პასუხს. მაგრამ საქმე ისაა, რომ ჩვენ, ძირითადად, ფსიქო-სოციალურ სტრესთან გამკვლავება გვიწევს, რომელთანაც გამკლავებისთვის იმდენი ენერგია არ გვჭირდება, რამდენიც თვალსაჩინო საფრთხეებთან ბრძოლისთვის. შესაბამისად, თავისუფალი, ჭარბი შაქარი სისხლში დიდხანს რჩება (Blood sugar >), რაც ერთი მხრივ, შაქრიანი დიაბეტის განვითარების და, მეორე მხრივ, კარდიოვასკულური დაავადების გაუარესების წინაპირობა შეიძლება გახდეს.
სტრესი ადამიანის რეპროდუქციულ სისტემაზეც მოქმედებს (Reproduction). გოგონებში ეს სისტემა ენერგიის განსაკუთრებულ დანახარჯს მოითხოვს (ოვულაციის ფაზა, საშვილოსნოს განვითარება; რომ არაფერი ვთქვათ, ორსულობასა და ნაყოფის განვითარებაზე). ბუნებრივია, მწვავე სტრესის დროს, მთელი ენერგია ხმარდება „ბრძოლა-გაქცევის“ რეაქციას, რა დროსაც, რეპროდუქციული სისტემის მუშაობა დროებით შეჩერებულია. თუმცა, როგორც კი ამოიწურება ადრენერგული რეაქცია, მაშინვე აღდგება სისტემის მუშაობა. მაგრამ ქრონიკული ფსიქო-სოციალური სტრესის დროს, საქმე უფრო რთულადაა. ამ დროს, რეპროდუქციული სისტემა „გამორთული“ რჩება ხანგრძლივად, ქალის რეპროდუქციული სისტემის ჰორმონები (LT – მალუთენიზებელი ჰორმონი, FSH – ფოლიკულის მასტიმულირებელი ჰორმონი, ესტროგენი და პროგესტერონი) ხანგრძლივი დროის მანძილზე დათრგუნვილი (ინჰიბირებული) რჩება, რაც კვერცხუჯრედების მომწიფებას და ზრდას უშლის ხელს. ამდენად, ქრონიკული სტრესის გავლენით, ქალის რეპროდუქციული სისტემა საგრძნობლად სუსტდება. ასევე, ბიჭებშიც ხდება სასქესო ჰორმონების (ტესტოსტერონის)გამომუშავება – გამოყოფის შეფერხება, დათრგუნვა, თუმცა გაცილებით უმნიშვნელოდ, რაც რეალურად უნაყოფობის მიზეზი არ შეიძლება გახდეს. მეტად საყურადღებოა მამაკაცებში სერიოზული სტრესით გამოწვეული პრობლემა, რაც ერექციული დისფუნქციით, ანუ იმპოტენციით ვლინდება. აღნიშნული პირდაპირ კავშირშია ზემოხსენებულ სიმპათიკური ავტონომიური ნერვული სისტემის აქტივაციასთან, რომელიც ხელს უწყობს პერიფერიული (ორგანოების) სისხლმომარაგების შეზღუდვას (პენისის ჩათვლით). ხშირად, იმპოტენციის წინაპირობა ფსიქო – სოციალური სტრესია და არა – ორგანული დარღვევები.
ქრონიკული სტრესი ასევე ნეგატიურად ზემოქმედებს იმუნურ სისტემაზე (Immune System) ორი მიმართულებით: თანდაყოლილი და გამომუშავებული იმუნური პასუხის სახით. ეს უკანასკნელი საკმაოდ კომპლექსურად მოქმედებს, მისი ძირითადი ფუნქციაა სისხლის სპეციფიკური თეთრი უჯრედების (ლეიკოციტების) ამოქმედება, ანტისხეულების გამომუშავება (რომელიც იმახსოვრებს ინფორმაციას, ცუდ და მავნე უცხო უჯრედებზე/ნივთიერებაზე) და პირდაპირ ებრძვის დაავადების გამომწვევს. მეორე მხრივ, თანდაყოლილი იმუნური სისტემა უმეტესად ანთებით (Inflammation) რეაგირებს. ხანმოკლე მწვავე სტრესის დროს, „ბრძოლა-გაქცევით“ პასუხისას, ანთებითი პასუხი ჭარბად ვლინდება, რის გამოც იწყება საკუთარი ქსოვილების დაზიანება. ისევე, როგორც COVID-19 ინფექციის პნევმონიით გართულებისას, ციტოკინების შტორმი (ორგანიზმის ჭარბი იმუნური პასუხი) უფრო მეტად აზიანებს ადამიანის ფილტვის ქსოვილს, ვიდრე თავად SARS-COV-2 ვირუსი. ხოლო ქრონიკული სტრესის დროს, სხვა პრობლემა დგება, იმუნური პასუხი (ადაპტირდება) ეჩვევა ხანგრძლივ, სტრესოგენურ ფაქტორს, შესაბამისად, ითრგუნება იმუნური რეაგირება, რის გამოც ორგანიზმი მეტად მოწყვლადი ხდება მრავალი დაავადების მიმართ.
ტექსტი მოამზადა: ქეთევან აბდუშელიშვილმა.