თანამედროვე ცივი ომი: რუსული პროპაგანდა საქართველოში
რუსული „რბილი ძალა“ ბოლო დროს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განსაკუთრებით გააქტიურდა და არც საქართველოა გამონაკლისი. ხშირად ვხვდებით ანტი-დასავლურ რიტორიკას სოციალურ ქსელებში, ონლაინ მედიაში, ზოგიერთ რადიო და ტელეგადაცემებში. ამგვარი მიზანმიმართული ნარატივი უმეტესწილად სწორედ პრო- რუსული რიტორიკის პოპულარიზაციას ახდენს.
ბოლო პერიოდში ქართულ საზოგადოებაში შეიმჩნევა რუსული ორიენტაციის მხარდაჭერთა ზრდის ტენდენცია. სოციოლოგიური გამოკითხვები ადასტურებს, რომ საქართველოს დასავლური არჩევანი ისევ შეუქცევადია. თუმცა ამავე დროს გაზრდილია ე.წ. ჩრდილოეთის ვექტორის მომხრეთა რიცხვიც.
ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) 2017 წლის კვლევის შედეგების თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 54% ევროკავშირთან და ნატოსთან ინტეგრაციის მომხრეა. თუმცა ამავე დროს მიაჩნიათ, რომ ხელისუფლებამ რუსეთთან კარგი ურთიერთობები უნდა შეინარჩუნოს. გამოკითხულთა 18% კი მიიჩნევს, რომ საქართველოს საგარეო კურსი პრორუსული უნდა იყოს, ამასთან ერთად კარგი ურთიერთობები უნდა შენარჩუნდეს ევროკავშირთან და ნატოსთან. ამასთან, საქართველოს მოსახლეობის თითქმის მესამედი (31%) ეთანხმება მოსაზრებას, რომ საქართველო მეტ სარგებელს მიიღებს, თუ უარს იტყვის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე რუსეთთან უფრო კარგი ურთიერთობების ჩამოყალიბების სანაცვლოდ. ამგვარი კატეგორიის მოსახლეობის რაოდენობა 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4%-ით არის გაზრდილი და ეს რიცხვი 27%-ს შეადგენდა. ხოლო ევროკავშირთან და ნატოსთან ინტეგრაციის მომხრეღა რიცხვი გასულ წელთან შედარებიღ არ შეცვლილა.(იხ.სტატისტიკა).
საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გაღრმავებასთან ერთად რუსული “რბილი ძალა” ქვეყანაში სულ უფრო აქტიურდება და ცდილობს, გავლენა მოახდინოს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ და საზოგადოებრივ პროცესებზე.
რუსული პროპაგანდის გავრცელების თვალსაზრისით გამოირჩევა ორგაიზაცია ”რუსულ-ქართული ახალგაზრდული კავშირიც“. მისი თავმჯდომარე ირაკლი ყიფიანი ვლადიმერ პუტინისა და რუსეთის ხელისუფლების აქტიური მხარდაჭერია.
„რუსულ-ქართულ ახალგაზრდული კავშირი“ დასავლეთს (აშშ, ევროკავშირი) საქართველოს მტრად წარმოაჩენენ, გამოირჩევიან ქსენოფობიური, ჰომოფობიური განცხადებებით და აქცენტს აკეთებენ რუსეთ-საქართველოს „მეგობრობის“ აღდგენაზე, ურთიერთობის ნორმალიზებაზე ან საქართველოს ნეიტრალიტეტზე. (იხ. ვიდეო, სადაც ყიფიანის რუსული ორიენტაცია კარგად ჩანს).
სულ ბოლოს, ამ ორგანიზაციამ და მისმა თავმჯდომარემ, ირაკლი ყიფიანმა ქართულ საზოგადოებას თავი 9 მაისს ე.წ. პუტინის ბაიკერების “ღამის მგლების” საქართველოში მოწვევით შეახსენა. “ღამის მგლები” ე.წ. ბაიკერთა კლუბია, რომელიც საბჭოთა კავშირში 1989 წელს შეიქმნა. „ღამის მგლები“ რუსეთის მთავრობასთან, კერძოდ, პუტინთან დაახლოვებული პირები არიან, და ხშირად მათ პუტინის ბაიკერთა კლუბად მოიხსენიებენ. მათი ერთ-ერთი წევრია ასევე ჩეჩნეთის პრეზიდენტი რამზან კადიროვი. გავრცელებული ინფორმაციით „ღამის მგლები“ რუსეთის ბიუჯეტიდან ფინანსდებიან. gazeta.ru-ს თანახმად ღამის მგლები 2015 წლისთვის სახელმწიფო გრანტების მეშვეობით 56 მილიონი რუბლი მიიღეს. ამ კლუბის პრეზიდენტი ალექსანდრ „ქირურგი“ ზალდოსტანოვი, ვინც პუტინთან მოახლოებული პირი არის.
ქართულ საზოგადოებაში ”ღამის მგლების“ შესაძლო ჩამოსვლამ დიდი პროტესტი გამოიწვია, რის შედეგადაც, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოშ 50-მდე „ღამის მგლების“ წევრებს ქვეყანაში შემოსვლაზე უარი უთხრა. თუმცა, რამდენიმემ მაინც შეძლო საქართველოს საზღვრის გადმოკვეთა
ღამის მგლები თბილისში
9 მაისის თემის გასაგრძელებლად, „რუსულ-ქართული ახალგაზრდული კავშირის“ წევრები რუსეთშიც ჩავიდნენ და IV მოძმე ერების სპორტულ თამაშებში მონაწილეობა მიიღეს. ასევე, მოსკოვში „რუსულ კავკაციელ ხალხთა კონგრესის“ წევრებთან ერთად უცნობი ჯარისკაცის საფლავს პატივი მიაგეს. „რუსეთის კავკასიელ ხალხთა კონგრესი“ არაკომერციულ ორგანიზაციას წარმოადგენს. მან 2010 წელს საპრეზიდენტო გრანტი მიიღო, რის შემდეგაც მათი ბიუჯეტი 3 მილიონ რუბლზე მეტი გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია Transparency International -ის ანგარიში არის ასახული. თავად ამ ორგანიზაციის ფინანსური ანგარიში ძალზე მწირია, სადაც ნათქვამია რომ 2017 წელს მათი ბიუჯეტი 3 მილიონ რუბლზე ნაკლები იყო და უცხოულ ორგანიზაციებიდან გრანტები არ მოუპოვებიათ.
ორგანიზაციაზე ”რუსულ-ქართული ახალგაზრდული კავშირი“ ინფორმაცია თითქმის არ მოიპოვება. ორგანიზაციას მხოლოდ საკუთარი გვერდი აქვს სოციალურ ქსელში, რომელიც 2017 წლის თებერვალშია შექმნილი. იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ინფორმაციის თანახმად, ორგანიზაცია 2017 წლის 7 თებერვალს დარეგისტრირდა როგორც არასამეწარმეო (არაკომერციული)იურიდიული პირი „რუსულ-ქართული ახალგაზრდული კავშირი“. ხოლო, რეგისტრაციაზე განაცხადი შეტანილი იყო 2016 წლის 30 იანვარს ქეთევან ქურდაძის მიერ. ორგანიზაციის თავმჯდომარე და 100%-იანი წილის მფლობელიც თავად ქეთევან ქურდაძეა.
სოციალური ქსელის მიხედვით ირკვევა, რომ ქეთევან ქურდაძე ირაკლი ყიფიანის ახლობელი პირია (სავარაუდოდ, შეყვარებული). თავის მხრივ ქეთევან ქურდაძე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მოადგილის, დავით ქურდაძის ქალიშვილია.
საჯარო რეესტრიდან გამოთხოვილი ინფორმაციით იმასაც ვარკვევთ, რომ ორგანიზაციას მმართველობითი ორგანო აქვს, სადაც ხუთი წევრია დარეგისტრირებული. მათ შორისაა მერაბ ყიფიანი, რომელიც სავარაუდოდ ირაკლი ყიფიანის ნათესავია. თავად ირაკლი ყიფიანი ოფიციალურად არსად ფიგურირებს. ( მკითხველს საშუალება აქვს მმართველი ორგანოს წევრების შესახებ ინფორმაცია აღნიშნული ბმულით მიიღოს.)
ასევე არ არის გაცხადებული, კონკრეტულად აქვს თუ არა ორგანიზაციას ფინანსური კავშირი რუსულ ფონდებთან. ორგანიზაციას წესდებაში დაფინანსების წყაროები ორ ნაწილად აქვს დაყოფილი: საკუთარი და მოზიდული წყაროები. ამ უკანასკლელში გრანტები და შემოწირულობები იგულისხმება. ხოლო, გრანტებს რომ თავად რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული ფონდი “Русский Мир” აძლევს, ამას ინტერვიუში თავად ირაკლი ყიფიანიც ადასტურებს.
” ჩვენ არაფერს ვმალავთ. გვაქვს პროექტები და აქტივობები, რომელსაც რუსული ფონდი “Русский мир” გვიფინანსებს. ასევე, არიან ქართველი ბიზნესმენები, რომელთა სახელების გამჟღავნების უფლება არ მაქვს. გარდა ამისა, როდესაც რუსეთში გვიწვევენ, ყველანაირ ხარჯებს რუსული მხარე ფარავს. შესაძლოა დამფინანსებელი თავად რუსეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროც იყოს. საქარელოში კი რასაც ვაკეთებთ, ძირითადად გვაფინანსებს “Русский мир” ან ქართველი ბიზნესმენები გვეხმარებიან. ჩვენ კი საქმიანობიდან არანაირი მოგება გვაქვს.“,-აცხადებს ირაყლი ყიფიანი.
თუმცა, ყიფიანი იმასაც აღნიშნავს, რომ მის ორგანიზაცია რუსულ პროპაგანდას არ ეწევა და არც ვლადიმერ პუტინთან აქვს რაიმე სახის კავშირი. არამედ, მათი მიზანი ქართველი და რუსი ხალხის დაახლოებაა. ვინაიდან მიაჩნიათ, რომ საქართველოს მის მიზებელ სახელმწიფოსთან მეგობრული ურთიერთობა უნდა ჰქონდეს. და ვინც ამ იდეოლოგიას იზიარებს, სწორედ ის ბიზნესმენები აფინანსებენ.
“ჩემს მეგობრებთან ერთად შევქმენი ორგანიზაცია, რომლებსაც საერთო ხედვა გვაქვს. ჩვენ გვინდა, რომ ეკონომიკური სიდუხჭირე და ტეროტორიული მთლიანობის საკიხთი მოგვარდეს. ამ პრობლემების მოგვარება კი მხოლოდ რუსეთთან დიპლომატიური ურთერთობის აღდგენის შემთხვევაშია შესაძლებელი. დაპირებები, რომ ევროპულ ბაზარს დავიკავებდით და ჩვენი პროდუქტი გავიდოდა, ეს ფარსი აღმოჩნდა. დასავლური კურსით ჩვენ არათუ ვიღებთ დივიდენდებს, არამედ რაც გაგვაჩნია იმასაც ვკარგავთ. თუნდაც ავიღოთ გაურკვეველ სამხედრო ოპერაციებში ქართველი ჯარისკაცების მონაწილეობა, სადაც ისინი იხოცებიან. იდეაში, ქართველი ბიჭები იქ საქართველოს უსაფრთოებას იცავენ, მაგრამ რა შუაშია იქ საქართველოს უსაფრთხოება, ვერ ვხვდები. ჩვენი მიზანია, საზოგადოებამდე ჩვენი მიდგომები და სათქმელი მივიტანოთ. ეს არ არის რუსული პროპაგანდა. ვფიქრობთ, რომ ეს რეალურად ქვეყნისთვის არის მომგებიანი და ჩვენ ქვეყნის იმიჯის გამოსწორებას ვცდილობთ“,-ამბობს ყიფიანი.
მისივე თქმით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოსახლეობის უმრავლესობა რუსეთთან ურთიერთობის მომხრეა.
ყიფიანის ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფინანსებელი რუსული ფონდი “Русский мир” მიზნად ისახავს რუსული ენის და კულტურის შენარჩუნებას სხვადასხვა ქვეყნებში, სადაც ეთნიკურად რუსული მოსახლეობა ცხოვრობს. აღნიშნული ფონდი რუსული „რბილი ძალის“ ერთ-ერთი ძლიერი იარაღია. აღნიშნული ფონდი ასევე საქართველოში რიგ ორგანიზაციებთან თანამშორბლობს. თუმცაღა, რუსულ-ქართული ახალგაზრდული კავშირი ამ სიაში არ ფიგურირებს. საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციით, ორგანიზაციას ამ ფონდთან ერთი საერთო ღონისძიება აქვს ჩატარებული – სკოლის მოსწავლეებისთვის შემოქმედებითი კონკურსი „ალექსანდრე გრიბოედოვი – დიდი მოღვაწეობის და დიდი სიყვარულოის ისტორია“. კონკურსში გამარჯვებულები კი ერთი კვირით მოსკოვში გაემგზავრნენ.
რაც შეეხება თავად ირაკლი ყიფიანს, ის წარსულში პრორუსული ორიენტაციის მქონე არაერთი ორგანიზაციის წევრი იყო. წლების განმავლობაში ორგანიზაცია ”ევრაზიის ინსტიტუტის“ ახალგაზრდული პროექტებს ხელმძღვანელობდა. თავად ”ევრაზიის ინსტიტუტის“ დამფუძნებელი გულბაათ რცხილაძეა, რომელიც რუსეთთან მჭიდრო კავშირით გამოირჩევა. ხოლო, მის ორგანიზაციას პარალელურად სხვადასხვა ორგანიზაცია თუ მედია საშუალება აქვს დაფუძნებული, რომელიც რუსული ნარატივის გამტარებლები არიან. კვლევებით დადასტურებულია, რომ ”ევრაზიის ინსტიტუტმა“ 2013 წელს დააფუძნა ორგანიზაცია “ახალგაზრდა პოლიტოლოგთა კლუბი”, რომელსაც ასევე ირაკლი ყიფიანი ხელმძღვანელობდა.
ერთ-ერთი ასეთი ახალგაზრდული პროექტია-“ინიციატივა 9 მაისი“. პროექტი 2015 წლიდან დაიწყო და მასში მონაწილეობას იღებენ ქართულ–ოსური კონფლიქტის ზონიდან დევნილები. პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდებისთვის მეორე მსოფლიო ომის შესახებ “ობიექტური ინფორმაციის მიწოდებას”. მოძრაობის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინიციატივის ფარგლებში სკოლის მოსწავლეები მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ხვდებიან 9 მაისის მნიშვნელობაზე სასაუბროდ. 2015 წლის შეხვედრის ფარგლებში, ვეტერანებმა ახალგაზრდებთან საუბრისას აღნიშნეს, რომ “მძიმე ხვედრისგან იქნა გადარჩენილი საქართველო, საბჭოთა კავშირის ხალხების ერთიანობის, მათი გმირობისა და ამ ხალხების ლიდერის, წესით და მთელი საქართველოსათვის საამაყო – იოსებ სტალინის სიბრძნის წყალობით”. ბავშვებმა კი 9 მაისთან დაკავშირებით შეთხზული თხზულებები წაიკითხეს.
ჩვენი მიზანი არ არის, კონკრეტულად ერთი პიროვნების, ირაკლი ყიფიანის კავშირები დავადგინოთ რუსულ ორგანიზაციებთან. ჩვენი მიზანი საქართველოში იმ იარაღების და წყაროების გამოვლენაა, რომლებიც რუსულ პროპაგანდას ავრცელემენ. საჭიროა, საზოგადოებამ მეტი ინფორმაცია მიიღოს ყოველი ასეთი წყაროს შესახებ, რათა რუსულმა ნარატივებმა მათზე არ იმოქმედოს. ამ შემთხვევაში კი ირაკლი ყიფიანის ორგანიზაცია “რუსულ-ქართული ახალგაზრდული კავშირი“ ის ერთ-ერთი საშუალებაა, რომლითაც საქართველოში რუსული პროპაგანდა ვრცელდება.
ავტორები:
თათია შაიშმელაშვილი
ეკატერინა ხარბედია