ღია გთავაზობთ ინტერვიუს  ლიტველ ექსპერტებთან, რომლებიც საქართველოში 2019 წელს კვლევითი პროექტის ფარგლებში გაეცნენ საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს. მათ ვთხოვეთ გაეზიარებინათ საკუთარი შეხედულებები ფსიქიკური ჯანმრთელობის სისტემაში მიმდინარე პროცესების შესახებ, როგორც საქართველოში, ისე რეგიონსა და გლობალურად.

კითხვებს პასუხობენ:

Ugnė Grigaitė – არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებების მონიტორინგის ინსტიტუტი (ლიტვა) და ლისაბონის გლობალური ფსიქიკური ჯანმრთელობის ინსტიტუტის დოქტორანტი (პორტუგალია).

Dainius Pūras – არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებების მონიტორინგის ინსტიტუტი და ვილნიუსის უნივერსიტეტი (ლიტვა)

 

კითხვა:გთხოვთ, გაგვიზიაროთ   საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის სისტემაში მიმდინარე რეფორმის პროცესის თქვენეული შეფასება რეგიონული და საერთაშორისო კონტექსტის გათვალისწინებით.

Dainius Pūras: საქართველო, ისევე როგორც მრავალი სხვა ქვეყანა, მიყვებოდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 2013-2020 წლების სამოქმედო გეგმას, რომელსაც რამდენიმე მიზანი აქვს:

  • ფსიქიკური ჯანმრთელობის ეფექტური ხელმძღვანელობისა და მმართველობის განმტკიცება;
  • უზრუნველყოს ყოვლისმომცველი, ინტეგრირებული და რეაგირებადი ფსიქიკური ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მომსახურებები თემზე დაფუძნებული მიდგომებით;
  • ეფექტური ფსიქიკური ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და ფსიქიკური პრობლემების პრევენციის სტრატეგიების განხორციელება;
  • ინფორმაციული სისტემების, მტკიცებულებებისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის კვლევის განმტკიცება.

პოლიტიკის შემუშავების დონეზე შეინიშნებოდა პროგრესი, რაც გამოიხატებოდა     ჩამოყალიბებული მიზნების რეალიზებისკენ წინსვლაში. ამასთან, განხორციელების დონეზე არსებობს სერიოზული გამოწვევები და დაბრკოლებები. ფინანსური და ადამიანური რესურსების ნაკლებობა შეიძლება ერთ-ერთი გამოწვევა იყოს. რაც მთავარია, მრავალი გამოწვევა რჩება კონტექსტუალური და დამოკიდებულების ხასიათის. უპირველეს ყოვლისა, ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომა სრულად არ არის დანერგილი და ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების მომხმარებელთა მნიშვნელოვანი ჩართვა და გაძლიერება კვლავ რჩება ერთ-ერთ ყველაზე პრობლემურ  საკითხად.

Ugnė Grigaitė:  2019 წელს საქართველოში ჩატარებული ჩვენი საველე სამუშაოების დროს, სათემო  სერვისებმა  გაგვაკვირვა და აღვაფრთოვანა თავისი ხარისხითა და უნიკალურობით, ეს განსაკუთრებით თვალსაჩინო იყო, სხვა ქვეყნების სიტუაციებთან შედარებისას, მათ შორის, ჩემი მშობლიური ქვეყანას, ლიტვასაც ვგულისხმობ. რამდენიმე რომ გამოვყოთ, კარგი პრაქტიკის მაგალითები იყო შემდეგი: ასერტული სათემო სერვისი, მობილური გუნდები და ‘ხელი ხელს’ საცხოვრისების  სერვისები. ამ სერვისების მონახულება იყო პატივი, ვინაიდან  მოგვეცა შესაძლებლობა, რომ გაგვეცნო თავდადებული და მაღალკვალიფიციური პერსონალი. ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ადამიანის უფლებებზე დაფუძნებულმა მიდგომამ, რომელიც გამოიხატა სხვადასხვა მოქმედებებში, როგორიც არის სერვისის მომხარებელი ინდივიდების   პატივისცემა  და მათი გაძლიერება.

კითხვა: რას მიაღწია საქართველომ მეზობელ ქვეყნებთან შედარებით? რამდენად გაზომვადია    პროგრესი ან რეგრესი? 

Ugnė Grigaitė:  ჩვენ, ადამიანის უფლებების მონიტორინგის ინსტიტუტში (ვილნიუსი, ლიტვა), ამჟამად  რეგიონალური კვლევის ანგარიშს,  ევრაზიის რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში, ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების რეფორმების განხორციელების მიღწევებსა და გამოწვევებზე ვასრულებთ.  მალე ამ ანგარიშის გამოქვეყნებას ვგეგმავთ. ამასთან,  საერთაშორისო ონლაინ ღონისძიების ჩატარებას ვაპირებთ, რომელიც მიეძღვნება საკითხის უფრო დეტალურად განხილვას და უფრო ფართო რეგიონულ დისკურსს.

2019 წელს საქართველოში ჩატარებული ჩვენი საველე სამუშაოებიდან შემიძლია ვთქვა, რომ სათემო სერვისების განვითარების მხრივ, საქართველოს პროგრესი აღსანიშნავია ევრაზიის სხვა ქვეყნებთან შედარებით. ამასთან, შესამჩნევია, რომ  წინსვლა უმეტესწილად ადგილობრივი აქტივისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივებით არის განპირობებული, ასევე, დაფინანსება ძირითადად საერთაშორისო დონორების მიერ ხდება, მაგალითად, როგორიცაა ღია საზოგადოების ფონდი, და, სამწუხაროდ, ეს პროგრესი სულაც არ არის  მაინც და მაინც მთავრობის მოქმედების ან პოლიტიკური ნების შედეგი. ეს ბუნებრივად კითხვებს  მდგრადობის შენარჩუნების კუთხით ჰბადებს და ასევე, გვიჩვენებს თუ რამდენად იქნება შესაძლებელი  პოზიტიური პრაქტიკისა და სერვისების მასშტაბების გაზრდა და ქვეყნის უფრო შორეულ რაიონებში მიღწევა და დაფარვა.

Dainius Pūras: წარსულში, საქართველომ მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, ბევრს მიაღწია ბავშვთა ინსტიტუციონალური მზრუნველობის ტრანსფორმაციისა და იმ ოჯახებისთვის დამხმარე სერვისების შემუშავების სფეროში, როგორიცაა შვილად აყვანა ან მინდობით აღზრდა. ასევე იყო პერსპექტიული თანამშრომლობის ინიციატივები სახელმწიფო უწყებებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის პროფესიონალების მომზადების და ფსიქო-სოციალური შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საპილოტე თემზე დაფუძნებული სერვისების განვითარების მიმართულებით.

კითხვა: რა არის ფართო რეგიონალური ან საერთაშორისო კონტექსტი, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ?  

Dainius Pūras: გლობალური მასშტაბით მნიშვნელოვანი მოვლენები შეიმჩნევა ფსიქიკური ჯანმრთელობის პოლიტიკისა და მომსახურებების მხრივ. მაღალი დონის კონსენსუსია იმის შესახებ, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობა უნდა გადავიდეს ჯანმრთელობის, სოციალური და სხვა პოლიტიკის  ცენტრში. ასევე,  ფსიქიკურ ჯანმრთელობას მეტი ყურადღება უნდა მიექცეს მთავრობების მხრიდან და მეტი დაფინანსება უნდა გამოიყოს, რაც ხელს შეუწყობს  პრევენციას,  მკურნალობასა და რეაბილიტაციას. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ექსპერტი ვარაუდობს, რომ ფოკუსირება უნდა მოახდინონ მკურნალობის ხარვეზების მოგვარებაზე და ფსიქიატრიული მდგომარეობის მქონე ადამიანების მეტი სერვისის მიწოდებაზე, სულ უფრო იზრდება ექსპერტთა ჯგუფის იმ წევრების რიცხვი, რომლებიც ამტკიცებენ, რომ სტატუს კვო დისკრიმინაციულ კანონები  და პრაქტიკები უნდა შეწყდეს. ასევე, გასათვალისწინებელია ძალაუფლების ასიმეტრია ფსიქიატრიული მომსახურების მომწოდებლებსა და მომხმარებლებს შორის, რათა მომხმარებლები გაძლიერდნენ და მნიშვნელოვნად ჩაერთონ გადაწყვეტილების მიღების ყველა დონეზე. აუცილებელია  გათვალისწინებული და აღიარებული იყოს  პირადი გამოცდილების მქონე  ექსპერტებისა და   არა- სამედიცინო განათლების მქონე სპეციალისტების გამოცდილება, ისევე, როგორც ეს ფსიქიატრების შემთხვევაში ხდება. ბიოსამედიცინო მოდელი და ბიოსამედიცინო ინტერვენციები (როგორიცაა ფსიქოტროპული მედიკამენტები) არ უნდა იყოს ზედმეტად გამოყენებული და საჭიროა ყველა ზომების მიღება, რათა არსებითად შემცირდეს ფსიქიკური ჯანმრთელობის ზრუნვის იძულებითი პრაქტიკა (არაკონსენსუალური ზომები). ეს ცვლილებები ადვილი  არ არის, მაგრამ  ახალი მიმართულების დანერგვისათვის მნიშვნელოვანია გაზომვადი ინდიკატორების არსებობა, რათა შესაძლებელი გახდეს ცვლილებების დამოუკიდებელი მონიტორინგი.

საქართველოსთვის მნიშვნელოვანია სხვა ქვეყნების  მაგალითების გათვალისწინება,რომლებმაც ინვესტიცია  სტატუს კვოში ჩადეს, რის შედეგადაც  დიდი ფსიქიატრიული საავადმყოფოების და საცხოვრებელი დაწესებულებების მასიური განახლება მოხდა. ამის ნაცვლად, ახალი სახსრების ინვესტიცია შეიძლება განხორციელდეს არაძალადობრივ და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებულ საზოგადოებრივ მომსახურებებში.

Ugnė Grigaitė: უაღრესად მნიშვნელოვანია იმის უზრუნველყოფა, რომ ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომა წარმოადგენდეს ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში შემდგომი ცვლილებების ან რეფორმების მთავარ საყრდენს მთელ რეგიონსა და მსოფლიოში. ის ადამიანები, ვინც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებით ცხოვრობს, ან მათთან დაკავშირებული  პირები,-  ამ  პროცესების ცენტრში უნდა იყვნენ. ყველა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, სწორედ ისინი უნდა მონაწილეობდნენ, როგორც თანაბარი ექსპერტები და ძალიან დაფასებული პარტნიორები.

კითხვების ავტორი: თიკო ცომაია

თარგმნა რუსუდან ზაალიშვილმა