მშობლებისათვის!
ბავშვები თვითიზოლაციაში
ნებისმიერი კრიზისის გააზრებისას, თავში კრიზისის ძალიან ჩემეული საზომი მიაქტიურდება – გარეთ ომია, ბომბები ცვივა, აივანზე გასვლაც საშიშია, რადგან ტყვიები ერთმანეთის მიყოლებით და თან არნახული სისწრაფით დაფრინავს. მე ექვსი, შვიდი თუ რვა წლის ვარ.
მას შემდეგ, ჩემთვის ყველა კრიზისი ამ საზომით იზომება და რა თქმა უნდა, რთულია, მასთან რამე მივიდეს თავისი მასშტაბურობით და აღქმის ინტენსივობით. ძალიან რთულია, არ დაუკავშირო ბავშვობის მატრავმირებელი გამოცდილებები საპასუხო რეაქციას ნებისმიერი ტიპის კრიზისზე და არ გააანალიზო ამ ჭრილში.
ხშირად ვფიქრობ, რამდენად შეიძლებოდა შემსუბუქებულიყო ის აღქმები, ან ვის ეცალა მაშინ ბავშვის აღქმებისთვის, როდესაც სიცოცხლე ასე ცხადად იდო სასწორზე.
მაშინ საფრთხე ძალიან ხილული იყო, შესაბამისად, ბევრად უფრო მძაფრი იყო მისი შეგრძნება. მაშინ ვხედავდით და კარგადაც გვესმოდა, რომ გარეთ გასვლა სიცოცხლისთვის სახიფათო იყო. ომის ბავშვებს არ გვქონდა განცდა, რომ სახლში დარჩენით ვინმე რამეს გვიკრძალავდა. პირიქით, რაც უფრო „მიუწვდომელი“ იყო ადგილი სახლში, მით უფრო დაცულად ვგრძნობდით თავს.
დღეს საფრთხე უხილავია. დღევანდელი ბავშვებისთვის რეალობა სრულიად მოულოდნელად შეიცვალა: დადიოდნენ სკოლაში, სხვადასხვა წრეზე, თამაშობდნენ ეზოში, იხარჯებოდნენ სოციალურ ურთიერთობებში.
უცებ, ყველა გზა ჩაიკეტა და ერთადერთი ფანჯარა გარესამყაროსთან კომუნიკაციისთვის ის ვირტუალური სივრცეა, რომელზე წვდომაც აქამდე სულ კამათის საგანი იყო. ის, რაც „მავნებელია შენი თვალებისთვის და ჯანმრთლობისთვის“ უცებ იქცა სკოლად, წრედ, მეგობრებთან ურთიერთობის და გართობის საშუალებად.
გამიჭირდება, რომ ეს ტრანსფორმაცია ჩემი გადმოსახედიდან და ჩემი საზომით შევაფასო, როგორც დიდი სირთულე. მაგრამ ჩემი 6 წლის შვილის ძალიან ლოგიკურმა შეკითხვამ, რატომ არ შეიძლება მისთვის გარეთ გასვლა, როდესაც ეზოდან ბავშვების ჟრიამული ისმის, ბევრ რამეზე დამაფიქრა და შევეცადე, პროცესი მისი გადმოსახედიდან გამეაზრებინა. ძალიან ფრთხილად და ძალიან სწორად უნდა მიმეწოდებინა ინფორმაცია, რომელიც მარტივი ფაქტების დონეზე უკვე ჰქონდა, მაგრამ ახლა უკვე არგუმენტირებას ითხოვდა.
მაშინ მომივიდა იდეა, ერთად შეგვექმნა ზღაპარი უხილავ საფრთხეზე, რომლისაც ზოგიერთს სჯერა, ზოგიერთს კი – არა. ვთხოვე ჩართულობა, რომ თავი პროცესის უშუალო მონაწილედ ეგრძნო. დავხატეთ მინი ოთახები, მოვიფიქრეთ გმირები და მათი ისტორია, რომელიც ბავშვების ენაზე უკეთ ახსნიდა დღევანდელ მდგომარეობას, ვეცადეთ, გვეთქვა, რატომ უნდა ვიყოთ სახლში და რა შეგვიძლია ვაკეთოთ, სანამ ეს მდგომარეობა გადაივლის.
ხმა რომ სხვა ბავშვებისთვის და მათი მშობლებისთვის მიგვეწვდინა, Facebook-ზე შევქმენით „ღია ჯგუფი ბავშვებისთვის,“ სადაც დროდადრო საინტერესო და საჭირო ინფორმაციას ვაზიარებთ.
დღეს ჩვენი, როგორც მშობლების, მთავარი გამოწვევა, მთავარი სათქმელი და ბავშვის სამყარომდე ფაქიზად მისატანი გზავნილი მაინც ის არის, რომ თვითიზოლაცია არ არის აკრძალვა, ეს არის პროცესი, რომელიც მისგან გააზრებულ ჩართულობას მოითხოვს საერთო სიკეთის მოსატანად. ეს არის პროცესი, რომელშიც მან საკუთარი თავი ძალიან მნიშნელოვან რგოლად და უკეთესი მომავლის საყრდენ ძალად უნდა დაინახოს.