ფსიქიკური ჯანმრთელობა პანდემიის დროს
ფსიქიკური ჯანმრთელობა პანდემიის დროს
რუსუდან ზაალიშვილი
რუსუდან ზაალიშვილი, King’s College London-ის მაგისტრია ფსიქიკური ჯანმრთელობის კლინიკური ფსიქოლოგიის მიმართულებით. მას აქვს კვლევის შესრულების მდიდარი გამოცდილება მაღალი ევროპული სტანდარტის მიხედვით. რუსუდანი საერთაშორისი განათლების ცენტრის სტიპენდიანტია. მისი კვლევითი ინტერესებია: ფსიქიკური ჯანმრთელობა; კვლევითი ინსტრუმენტების ვალიდაცია; კოგნიტური მიკერძოებები, ადიქცია, ტრამვა, პოლიტიკის დაგეგმვა.
სულ რამდენიმე დღის წინ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ (ჯანმო) COVID-19-ის დაავადება პანდემიად ცნო, მისი გლობალური გავრცელების და სიმძიმის გამო. მერი ვებსტერის ლექსიკონის თანახმად, პანდემია არის დაავადების გავრცელება, რომელიც გვხვდება ფართო გეორგაფიულ არეალში და გავლენას ახდენს მოსახლეობის დიდ ნაწილზე. ხოლო ჯანმო პანდემიას განსაზღვრავს, როგორც “ახალი დაავადების მთელ მსოფლიოში გავრცელებას”.
ასეთ დროს ჩვენ, ყველა – უპირველეს მოთხოვილებაზე თვითგადარჩენაზე ვფიქრობთ.
ეს, თავის მხრივ, გამოიხატება ისეთ ქცევაში, როგორიცაა საჭმლის/რესურსების მომარეგება. ვდარდობთ იმაზე, თუ რამდენად გვეყოფა ეს რესურსი, მაგრამ, როგორც ყოველთვის, ყველას ავიწყდება ფსიქიკური ჯანმრთელობა, რაც ფიზიკურ ჯანრმთელობაზე არანაკლებ გასაფრთხილებელია.
აღსანიშნავია, რომ ნებისმიერი პანდემია, ადრე თუ გვიან რჩება, მეცნიერები იგონებენ წამლებს და სულ მალე ვეღარც ვიხსენებთ რამდენად საშიში იყო ერთ დროს ესა თუ ის ვირუსი/დავაადება. ასეთი მაგალითები ისტორიაში ბევრია. ასევე, გასაგებია, რომ ადამიანებს გვეშინია იმის, რაც ჩვენთვის უცნობია. გაურკვევლობის ეს განცდაც თავის მხრივ, დამთრგუნველია. თითქმის ყველას გვეშინია, მაგრამ მხოლოდ მცირე ნაწილს ემართება ვირუსი, თუმცა, რომც დამეართოს, მაგალითად კორონას შემთხვევაში, მხოლოდ რისკ ჯგუფში მყოფ ადამიანებზეა სანერვიულო. მოკლედ, ადრე თუ გვიან,როგორც ყველა პანდემია მორჩება, წარსულს ჩაბარდება, მაგრამ ამ პერიოდთან ასოცირებული ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები კი ხშირ შემთხვევაში რჩება.
ამიტომ უმჯობესია ამ საკითხზე დაფიქრება და პრევენცია.
ასევე, აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის სპეციალისტებმა შეიძლება არ იცონდნენ ეს და ხშირ შემთხვევაში, არც კი ჰქონდეთ ამაზე ფიქრის დრო, როდესაც სიკვდილ-სიცოცხლის საკითხებია გადასაწყვეტი. ამიტომ, ვფიქრობ, ჩვენი ვალია გავუფთხილდეთ ჩვენი ახლობლების და ჩვენ ფსიქიკურ ჯანმრთელობას, რა თქმა უნდა, ფიზიკურ ჯანმრთელობასთან ერთად. ასევე დავაფასოთ ისინი, ვისაც მაღალი სოაციალური პასუხისმგებლობის განცდა აქვთ და თვითიზოლაციაში არიან.
როგორ დავეხმაროთ სხვებს ვინც კარანტინში ან თვითიზოლაციაშია?
2019 წლის დეკემბრის კორონავირუსის დაავადების გამოვლენის შედეგად, ბევრმა ქვეყანამ სთხოვა ადამიანებს, რომლებსაც პოტენციურად შეიძლება დაუდგინდეთ კორონა ვირუსი, იზოლირება მოახდინონ სახლში ან სპეციალურ საკარანტინო დაწესებულებაში.
ჩემმა მაგისტრატურის ლექტორმა და ამ საქმის ექსპერტმა პროფესორმა ჯეიმს რუბინმა, დროს წინ გაუსწრო და თებერვლის ბოლოს გამოაქვეყნა საინტერესო მიმოხივლა- კარანტინი/თვითიზოლაციის ფსიქიკურ ჯანმრთელობის ნეგატიურ გავლენებზე. ქვევით შევაჯამებ ამ კვლევის შედეგებს.
სტრესორები კარანტინის დროს
ინფექციის შიში
ინფექციის შიში საკუთარი ჯანმრთელობისა და სხვების მიმართ უფრო მაღალია იმ ადამიანებში, ვინც კარანტინში იმყოფება, ვიდრე იმ ადამიანებში, ვინც იზოლირებული არ არიან. ასევე, აღსანიშნავია, რომ რაიმე ფიზიკური სიმპტომის აღმოჩენის შემთხვევაში, რომლებიც პოტენციურად ინფექციას უკავშირდება კარანტინში/თვითიზოლაციაში მყოფი პირები შიშობენ, რომ ეს სიმპტომები შეიძლება აისახოს ინფექციაზე, რომელიც გრძელვადიან ფსიქოლოგიურ შედეგებს უკავშირდება. ასევე ამ ჯგუფს აღენიშნება გაძლირებული შიში იმისა, რომ ვირუსი გადადონ მოწყვლად ჯგუფებს, როგორებიცაა ორსული ქალები და მცირეწლოვანი ბავშვები.
ურყოფითი განწყობა
ურყოფითი განწყობა გამომდინარეობს ჩვეულებრივი რუტინის დაკარგვის და სხვა ადამიანებთან სოციალური და ფიზიკური კონტაქტის შემცირებაში, რაც იწვევს იმაზე ფიქრს, რომ ისინი განცალკევებულები არიან სამყაროდან, რაც თავის მხრივ იწვევს შფოთვას. ასევე, იმედგაცრუება იმის გამო, რომ ვერ იღებენ ყოველდღიურ საქმიანობაში მონაწილეობას.
არასაკმარისი მარაგი
გამოყენებითი ნივთების არასაკმარისი მარაგი საკარანტინო პერიოდის განმავლობაში (მაგალითად, საკვები, წყალი, ტანსაცმელი) წარმოადგენს შფოთვის წყაროს, რაც ხშირ შემთხევაში 4-6 თვის შემდეგაც კი რჩება. ასევე, სამედიცინო ნივთების მომარეგება, როგორიცაა ნიღაბი და თერმომეტრი.
არასაკმარისი ინფორმაცია
რამდენიმე კვლევაში ინფორმაციის ნაკლებობა სტრესორად გამოიკვეთა. როგორც ჯანდაცვის სფეროში მომუშავე პირებიდან არასაკმარისი მკაფიო მითითებები განხორციელებული ქმედებების შესახებ და საკარანტინო დანიშნულების შესახებ დაბნეულობა. ასევე ინფორმაციის ნაკლებობა რეალურ რისკთან დაკავშირებით და პანდემიის სიმძიმის შესახებ გაუმჭვირვალობა. ასევე, აღსანიშნავია, რომ სოციალური მედიის ერაში ძალიან ბევრი ცრუ ინფორმაცია ვრცელდება, რაც ასევე შეიძლება იყოს დიდი სტრესორი.
კარანტინის ხანგრძლივობა
საკარანტინო/თვითიზოლაციაში ყოფნის ხანგრძლივობა ასოცირდება უარეს ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან, პოსტტრავმულ სტრესულ სიმპტომებთან, მომატებულ სიბრაზესა და ხალხთან კონტაქზე თავის აცილებასთან.
კარანტინის შემდგომ სტრესორები
ფინანსები
საკარანტინო პერიოდის განმავლობაში ფინანსური ზარალი შეიძლება პრობლემა გახდეს. ამ დროს ადამიანი ვერ მუშაობს და უწევს დაუგეგმავად პროფესიული საქმიანობის შეწყვეტა. შედეგები, როგორც ჩანს, გრძელვადიანია. განხილულ კვლევებში, საკარანტინო მოქმედების შედეგად მიღებულმა ფინანსურმა ზარალმა სერიოზული სოციალურ-ეკონომიკური დისტრესი შექმნა. აღმოჩნდა, რომ ეს არის რისკ-ფაქტორი ფსიქოლოგიური დარღვევების სიმპტომებისათვის. ვლინდება სიბრაზე და შფოთვა კარანტინებიდან რამდენიმე თვის შემდეგ. ფინანსური პრობლემები დაკავშირებულია ეკონომიკურ ეფექტებთან, მაგრამ, შეიძლება, ასევე დაკავშირებული იყოს სოციალური ქსელების შეფერხებასთან და დასვენების აქტივობის დაკარგვასთან.
სტიგმა
კარანტინში/თვითიზოლაციაში მყოფი პირები შემდგომ განიცდიან საზოგადოებრივ სტიგმატაციას. რამდენიმე კვლევის თანახმად, ნეგატიური დამოკიდებულება გამოიხატება ამ ადამიანებისგან თავის არიდებაში, სოციალურ დისტანციაში, შიშით/ეჭვებით მოპყრობაში და კრიტიკული კომენტარების გაკეთებაში. ამ სტიგმის გამო, ზოგი მალავს კარანტიში/თვითიზოლაციაში ყოფნას, ზოგი კი ვირუსის არსებობას, ხოლო რაღაც ნაწილი დახმარებას ზუსტად ამ მიზეზით არ იღებს.
ზოგადი განათლება დაავადების შესახებ და საზოგადოებისთვის საკარანტინო და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებამ შეიძლება შეამციროს სტიგმა, ასევე სკოლებში და სამუშაო ადგილებში უნდა მოხდეს უფრო დეტალური ინფორმაციის მიწოდება. შესაძლოა, მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ხელს უწყობს საზოგადოების დამოკიდებულების სტიგმატიზაციას; რადგან მედია ძლიერ გავლენას ახდენს საზოგადოებრივ დამოკიდებულებებზე და დრამატული სათაურები და შიშის შემცველი ფაქტები ხელს უწყობს ნეგატიურ დამოკიდებულებების წარმოქმნას.
რა გავაკეთოთ?
მიეცით ხალხს რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია
კარანტინში მყოფ ადამიანებს ხშირად აქვთ იმის შიში, რომ დაინფიცირდებიან, ან სხვებს დააინფიცირებენ. ისინი ხშირად საკარანტინო პერიოდის განმავლობაში გამოვლენილ ნებისმიერ ფიზიკურ სიმპტომს კატასტროფულად აფასებენ. მათ ხშირად აქვთ კატასტროფული წარმოდგენები, რომლებიც, ხშირად, გამწვავებულია არასაკმარისი/არასანდო ინფორმაციით.
ამიტომაც, აუცილებელია, ყველა კარანტინში/თვითიზოლაციაში მყოფ პირს მიეწოდებოდეს საჭირო ინფორმაცია ვირუსი/დაავადების შესახებ და იმის შესახებ, თუ რატომ არის საკარანტინო ზომების დაცვა პრიორიტეტული.
სათანადო მარაგის უზრუნველყოფა
ოფიციალური პირები ასევე უნდა დარწმუნდნენ, რომ კარანტინში მყოფ ოჯახებს აქვთ საკმარისი მარაგები მათი ძირითადი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. იდეალურად, მარაგების უზრუნველყოფის კოორდინაცია უნდა მოხდეს წინასწარ, კონსერვაციისა და განაწილების გეგმის შესაბამისად, და არა ჩამოყალიბებული რესურსების ამოწურვის მიხედვით, რაც, სამწუხაროდ, კვლევებით იყო დადასტურებული.
კომუნიკაცია
შეამცირეთ მოწყენილობა და გააუმჯობესეთ კომუნიკაცია
მოწყენილობა და იზოლაცია გამოიწვევს დისტრესს; ადამიანებმა, რომლებიც კარანტინირებულები არიან, უნდა მიიღონ პრაქტიკული რჩევები დაძლევისა და სტრესის მართვის ტექნიკის შესახებ. ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ სატელეფონო მხარდაჭერა, პერსონალური ფსიქიატრიული ექთნები, სპეციალურად კარანტინში მოქმედი პირების არსებობა, შეიძლება ეფექტური იყოს. ასევე, აუცილებელია ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ურთიერთობის შესაძლებლობა. განსაკუთრებით, სოციალურ მედიას შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს შორეულ ადამიანებთან კომუნიკაციაში, რომ კარანტინირებული/თვითიზოლაციაში მყოფმა ადამიანებმა შეძლონ საყვარელ ხალხთან კომუნიკაცია.
საკარანტინო დროის შეზღუდვა
მნიშვნელოვანია საკარანტინო დროის შეზღუდვა, იმ დროით რაც მეცნიერულად მიზანშეწონილია, ინკუბაციური პერიოდების ცნობილი ხანგრძლივობის გათვალისწინებით. საჭიროზე მეტი პროფილაქტიკური მიზეზით კარანტინი ამცირებს დადებით გავლენას ადამიანებზე. მტკიცებულებები ხაზს უსვამენ ხელისუფლების მხრიდან საკარანტინო დანიშნულების დროის დაცვის მნიშვნელობას, რომ არ მოხდეს კარანტინის ხელოვნურად გახანგრძლივება.
ალტრუიზმი უკეთესია ვიდრე იძულება
ჯერჯერობით არ არსებობს კვლევა, რომელიც ადასტურებს რა გავლენა აქვს ნებაყოფლით და არა ნებაყოფლით თვითიზოლაციას კეთილდღეობაზე. მაგრამ იმის განცდა, რომ შენი თვითიზოლაცია სარგებელს მოუტანს სხვას, რა თქმა უნდა, ამცირებს სტრესის განცდას თვითიზოლაციის დროს. კარანტინის გაძლიერება ხელს უწყობს სხვების უსაფრთხოებას, მათ შორის, განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფების(მაგალითად, მოხუცების და ქრონიკული დაავადების მქონე პირების). ამიტომ, საზოგადოებისა და ჯანდაცვის ორგანოების მხრიდან გამოხატული მადლიერება, უპირობოდ მნიშვნელოვანია. იმის განცდა, რომ ადამიანებს სხვისი დახმარება შეუძლიათ, ამცირებს თვითიზოლაციის ნეგატიურ ეფექტებს მათ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.