დაკავშირებულია თუ არა ძალადობა და ფსიქიკური პრობლემები- პასუხია, კი, მაგრამ არა ისე, როგორც ხშირად წარმოგვიდგენია.

1. ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანები უფრო ხშირად მიმართავენ თვითდაზიანებასა და თვითგანადგურებას;

2. არსებობს ზომიერი ასოციაცია ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანებსა და სხვების მიმართ გამოვლენილ ძალადობას შორის;

3. და ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე ადამიანები უფრო ხშირად ხდებიან ძალადობის, შეურაცხყოფისა და სექსუალური ჩაგვრის მსხვერპლი.

სამწუხაროდ, ფსიქიკური ჯანმრთელობის რეფორმის დისკურსი მაშინ იჩენს თავს, როცა ტრაგიკული მოვლენები ხდება, რომელთაც მედია აშუქებს. ამას მოყვება “ყველაფერში მედიაა დამნაშავე” დისკურსი და სხვა ბევრი არაფერი იცვლება. მინდა შევახსენო საკუთარ თავსა და საზოგადოებას, რომ მედიის საქმეა პრობლემების განსაზღვრა,სამწუხაროდ ერთი რეპორტაჟიდან მთლიან სიმართლეს ვერ შევიტყობთ, ჟურნალისტების საქმე არ არის გადაწყვეტილებების მიღება და სერვისების მიწოდება.ეს პოლიტიკოსების და ჯანმრთელობის სპეციალისტების საქმეა. მაგრამ იმის გარკვევა, თუ სად რა მუშაობს? სად რა არ მუშაობს, სად რა არის ცუდი,- ნამდვილად არის მნიშვნელოვანი!

ძალადობის ის შემთხვევა, რომელმაც მითქმა- მოთქმა გამოიწვია საზოგადოებაში, 13 წლის ბიჭის მკვლელობას უკავშირდება, ამ შემთხვევის ანალიზისას ორი მნიშვნელოვანი საკითხი გამოიკვეთა მედიასთან მიმართებით: რამდენად კომპეტენტურად გააშუქა მედიამ ეს შემთხვევა და ხომ არ გააძლიერა სტიგმა;

მეორე საკითხია თავისთავად რა კავშირია ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და სხვების მიმართ გამოვლენილ ძალადობას შორის?

ძალადობის პრევენციისათვის აუცილებელია გავითვალისწინოთ რა ახალი ცოდნა არსებობს და რას გვეუბნებიან კვლევები: კვლევების ნაწილმა დაადგინა, რომ შეფარდებითი რისკი არ გაზრდილა ძალადობასა და ფსიქიკურ ჯანმრთელობას შორის. ამასთან, კვლევების ნაწილი ადასტურებს სტატისტიკურად მნიშვნელოვან, მაგრამ ზომიერ კავშირს სერიოზულ ფსიქიკურ დაავადებებსა და ძალადობას შორის. განსაკუთრებით იზრდება ძალადობის რისკი არანამკურნალები ფსიქოზის დროს და იმ ადამიანებში, ვინც ნივთერებაზე დამოკიდებულები არიან!

მაგრამ არსებობს კონსენსუსი იმის შესახებ, რომ დარჩენილი უმრავლესობა, ვისაც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, არ მოქმედებს ძალადობრივად და რომ ძალადობის აქტები უმეტესწილად არ არის ჩადენილი ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობელემების მქონე ადამიანების მიერ. როგორც უკვე აღვნიშნე, კვლევის მიხედვით, არსებობს ზომიერი ასოციაცია ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანებსა და სხვების მიმართ გამოვლენილ ძალადობას შორის, მაგრამ არ არის აუცილებელი, რომ ფსიქიკური დაავადება იყოს მაინც და მაინც ძალადობის გამომწვევი. ასეთი ადამიანები არაპროპორციულად მაღალი რისკ-ფაქტორების გავლენის ქვეშ იმყოფებიან: მაგალითად ცხოვრობენ ისეთ უბნებში სადაც ძალადობა მძვინვარებს ან თავად აქვთ ძალადობის მსხვერპლის ისტორია. ასეთი ფაქტორები ნებისმიერ ადამიანს გახდის მოძალადედ. 2002 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, ის ადამიანები, ვისაც ჰქონდათ სერიოზული ფსიქიკური დაავადებები და არ იყვნენ მაღალი რისკის ფაქტორების გავლენის ქვეშ, არ ჩაუდენიათ ძალადობა.

ჯადოსნური წამალი რომ არსებობდეს, რომლის მიღების შემდეგაც მოხდება ყველა სერიოზული ფსიქიკური დაავადებების მქონე ადამიანთა განკურნება, ძალადობა მხოლოდ 4-5 პროცენტით დაიკლებდა. ასევე, ფსიქიატრები სრულიად უძლურნი არიან იწინასწარმეტყველონ თუ როდის ჩაიდენს ადამიანი ძალადობრივ აქტს. ასე, რომ ძალადობა, ბევრად უფრო კომპლექსური პრობლემაა ვიდრე მისი კავშირი ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან.

უფრო დიდი პრობლემა ის არის, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანები თავად არიან ძალადობის მსხვერპლი. 2.5 -4 ჯერ უფრო მეტია მათი ვიქტიმიზაციის ხარისხი, ჩვეულებრივ მოსახელობასთან შედარებით.

რომ შევაჯამოთ, ყველაზე საყურადღებოა თვითდაზიანება, როგორც ძალადობის ფორმა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მაჩვენებელი. სერიოზული ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე ადამიანები წარმოადგენენ მაღალ რისკ -ჯგუფს მათ მიმართ ძალადობრივი ქცევის განხორციელების თვალსაზრისით, და ნაწილის რისკი გაზრდილია, რომ ძალადობა სხვების მიმართ გამოავლინოს. მაგრამ იუზერების უმრავლესობა არ არიან მოძალადეები.

მაშ რატომ არის, რომ ამის მიუხედავად, მედია მათ მოძალადეებად ხატავს?

ამერიკაში ჩატარებული ყველაზე მსხვილი მედია კვლევის შედეგად (3300 მასალა) რომელიც შეიცავდა სიტყვებს ფსიქიკური, ფსიქო, შიზო, – 40% ასეთი სტატიები დაკავშირებული იყო ძალადობასა და შიშთან. მეორე კვლევის მიხედვით, რომელიც დიდ ბრიტანეთში ჩატარდა (100 ზე მეტი მასალა), სტატიების ნახევარში ფსიქიკური ჯანმრთელობა უარყოფითად ასოცირდებოდა კრიმინალთან, ძალადობასთან. ეს პროპორცია შეუსაბამოა რეალობასთან-ანუ იმასთან თუ სინამდვილეში რამდენი ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე ადამიანი ჩადის ძალადობას.

მაშ როგორ არის მედიაში გამოხატული ფსიქიკური ჯანმრთელობა და ძალადობა? რა გავლენა აქვს ამ რეპრეზენტაციას საზოგადოების შეხედულებებზე და რა უნდა გაკეთდეს, სტერეოტიპებისა და სტიგმის შესამცირებლად.

ახალი მედიის კვლევები ცოტაა, დასკვნის გამოსატანად, მეტი კვლევები გვჭირდება. ტრადიციულ მედიას რაც შეეხება, ის მოქმედებს ” what bleeds, it leads” პრინციპით, ანუ ხდება დრამატიზება და მედიის ყურადღების ქვეშ ექცევა სენსაციური ძალადობრივი სცენები, რაც თავისთავად საზოგადოებაში უარყოფით დამოკიდებულებებს აჩენს ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე ადამიანების მიმართ. რაც შესაბამისად ყველაზე მეტად მოქმედებს თავად ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე ადამიანებზე.

სტიგმა, ეს არის სხვების მიერ თავს მოხვეული შეფასება, რომელიც იწვევს ჯგუფის/ ადამიანი დაწუნებას, გარიყვას, და დისკრიმინაციას. სოციალურმა ნორმებმა შეიწოვეს ის სტერეოტიპები, რომელთა მიხედვითაც ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე ადამიანები(უმაქნისები) და საშიშები არიან. თავისთავად ასეთი შეხედულება თავად ფსიქიკური ჯანმრთელობის პირებსაც აეჭვებთ საკუთარ შესაძლებლობებში და იმავდროულად, რადგან არ სურთ ამ უარყოფითი იარლიყის მიწებება, თავს არიდებენ ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებს. სანამ ეს ასეა, სერვისებიც არ განვითარდება, რადგან მოწოდება მოყვება მოთხოვნას.

გამოსავალი რა არის? თითოეულმა ადამიანმა/პროფესიამ აიღოს პასუხისმგებლობა.

საჭიროა განათლება და მედიის გამოყენება ამისათვის;

ძალიან კარგი სახელმძღვანელო პრინციპები აქვს ჩამოწერილი ასოშიეთიდ პრესას, დარტის ტრავმისა და ჟურნალისტიკის ცენტრს. ეთიკის ქარტია მუშაობს პროფესიული გაშუქების სახელმძღვანელოების შექმნაზე. მედიამ უნდა გააშუქოს სისტემური ბარიერები, და მთლიანად ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები.

თითოეულ ადამიანს რა შეუძლია რომ გააკეთოს? მოყვეს საკუთარი ფსიქიკური პრობლემის/გამოცდილების შესახებ;

გაიცნოს და დაუმეგობრდეს ადამიანს, ვისაც აქვს ფსიქიკური პრობლემა და ელაპარაკოს მას;

გათვითცნობიერდეს ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებში და მხოლოდ მედიაში გავრცელებული სენსაციური ინფორმაციით არ დაკმაყოფილდეს; ფორუმებში სადაც მიდის ამ საკითხების განხილვა აქტიურად ჩაერთოს, დაპოსტოს, კომენტარი გააკეთოს, ალაპარაკდეს და ამ ფორმით შექმნას მოთხოვნა უკეთესი ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებისა და საზოგადოებისათვის.

თიკო ცომაია, ჯიპას პროფესორი, მედია მკვლევარი, ღია მოძრაობის დამფუძნებელი.

ღია არის მოძრაობა, რომელიც ხელს უწყობს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე საუბრებს და ხორციელდება “ღია საზოგადოების ფონდის” მხარდაჭერით.