პანდემიის დროს ხშირად გვავიწყდება ისეთი საკითხები, რომლებიც, თავის მხრივ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. კორონა ვირუსთან მიმართებაში, არსებობს რისკ ჯგუფები, მაგრამ, ასევე, არ უნდა დავივიწყოთ მოწყვლადი ჯგუფები, მაგალითად გემბლინგზე დამოკიდებული პირები.

რატომ გებლინგზე დამოკიდებული პირები

პათოლოგიური გემბლინგი, (დაავადებას, ასევე, მოიხსენიებენ, როგორც თამაშდამოკიდებულებას ან კომპულსიურ გემბლინგს) დამოკიდებულებებსა და მათთან დაკავშირებულ ავადობებს მიეკუთვნება. გემბლინგი განისაზღვრება, როგორც ქრონიკული მორეციდივე დაავადება. გამოარჩევენ მის ეპიზოდურ და გახანგრძლივებულ მიმდინარეობებს, გემბლინგს ახასიათებს ხანმოკლე და ხანგრძლივი რემისიაც. დაავადებას აქვს მწვავე, მსუბუქი და საშუალო მიმდინარეობა. ის ხასიათდება განმეორებით პრობლემური გემბლინგის ქცევით, რომელიც მნიშვნელოვან პრობლემებსა და დისტრესს იწვევს. აღსანიშნავია რომ, პრობლემურ გემბლინგთან დაკავშირებული ზიანი თავისი მნიშვნელობით გაუტოლდა დეპრესიისა და ალკოჰოლის მავნე მოხმარებით გამოწვეულ ნიშნულს.

რა კავშირი აქვს გემბლინგს კორონა ვირუსის პანდემიასთან?

მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის (ჯანმო) რეკომენდაციების თანახმად, ქვეყნებმა უნდა გააძლიერონ მეთვალყურეობა და COVID-19- ის გავრცელების ევოლუცია გულდასმით აკონტროლონ, გააძლიერონ ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობა. ამ რეკომენდაციების ფონზე, მსოფლიოს ბევრმა ქვეყანამ თავშეყრის ადგილებში ყოფნა აკრძალა,თითქმის ყველა კონცერტი და ფეხბურთის მატჩი გააუქმა, მსოფლიო დროებით გადარჩენის რეჟიმზე გადავიდა, სადაც დასვენებამ და სიამოვნებამ უკანა ფლანგზე გადაიწია.

საქართველო, თავის მხრივ, ყველა ჯანმო-ს რეკომენდაციას ასრულებს და რაღაც ასპექტებში მსოფლიოს ბევრ ქვეყანას უსწრებს პრევენციულ ზომების მიღების კუთხით. ასევე, იგრძნობა მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა, როგორც იმ პირების მხრიდან, ვინც თვითიზოლაციაშია, ასევე, კერძო სექტორის მხრიდან, რაც გამოიხატება როგორც კლუბების, კაფეების დაკეტვაში, ასევე, სესხების გადავადებასა თუ სხვა მოქმედებებში. ეს ფაქტი ზოგადად მისაბაძი და დასაფასებელია, მაგრამ ბოლო დრომდე, მივივიწყეთ ერთი დიდი ინდუსტრია,- კაზინო ინდუსტრია, რომელიც პანდემიასთან კავშირის გარეშეც, არ გამოირჩევა მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობით.

რატომ არის საყურადღებო კაზინო ახალი კორონავირუსის ეპიდემიის დროს?

კაზინოში, ერთ სივრცეში თავს იყრის ბევრი ადამიანი, რაც ზრდის როგორც მათი ინფიცირების, ისე კაზინოს პერსონალის ინფიცირების რისკს. სავარაუდოდ, პანდემიის დროს სწორედ, პრობლემური მოთამააშები მიდიან კაზინოში. ზოგადად, სხვა ადიქციებთან შედარებით გემბლინგის, როგორც დამოკიდებულების ცნობადობა მწირია. პრობლემას წარმოადგენს ის, რომ საქართველოში კაზინოს ბიზნესი სათანადოდ არ კონტროლდება, მაგალითისათვის, აზარტული თამაშების რეკლამირება არ არის აკრძალული, რაც აზარტული თამაშების ნორმალიზებას იწვევს, ეს გარემოება, თავის მხრივ, ხელს უწყობს, რომ ადამიანს ჩამოუყალიბდეს ფსიქიკური აშლილობა. ამიტომ პანდემიების დროს, გაძლიერებული ყურადღების გამოჩენა გვმართებს იმ პირების მიმართ, ვისაც ადიქცია აქვს, რომ ისინი დავიცვათ რისკის შემცველი ქცევების განხორციელებისგან, რაც ამ შემთხვევაში გამოიხატება პანდემიის დროს ხალხმრავალ ადგილას კაზინოში მისვლაში, რაც სახიფათოა მათი ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის.

შესაბამისად, მივესალმებით საქართველოს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციას, კორონავირუსის გავრცელების მაქსიმალური პრევენციისთვის, დროებით შეაჩერონ მუშაობა კაზინოებმა, სლოტკლუბებმა და ტოტალიზატორებმა, რათა თავიდან ავიცილოთ დახურულ სივრცეებში მოქალაქეთა ინტენსიური კონცენტრაცია. ვიმედოვნებ, რომ რეკომენდაციას გაითვალისწინებენ ინდუსტრიის წარმომადგენლები და ჩვენი საზოგადოების მოწყვლადი ჯგუფებს არ მიადგებათ ზიანი.

თიკო ცომაია

რუსკა ზაალიშვილი