კოვიდ-19 და ორგანიზაციული სტრესი
კოვიდ-19-თან მიმართებაში ხშირად ვსაუბრობთ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ზოგადი სტრესი, ახლობლებთან ურთიერთობების ნაკლებობის თანმდევი სტრესი, ფინანსური პრობლემები და სხვა. ასევე, არ უნდა გამოგვრჩეს ის, რომ როგორც ჩვენი ყოველდღიურობის უმეტესი ასპექტი, სამუშაო/სამსახურეობრივი ცხოვრებაც შეიცვალა კოვიდ-19 ს გამო.
კოვიდი და ორგანიზაციული სტრესი
კოვიდ-19 უცებ დაგვატყდა თავს და უამრავი ცვლილება გამოიწვია. ხშირად ვაწყდებით ისეთ პრობლემებს, როგორიცაა სამსახურის დაკარგვა/საქმის გაჩერება. გვესმის ასეთი ფრაზებიც : ‘ოღონდ საქმე იყოს და რას ვჩივი’. ეს გარკვეულ ვაკუუმს ქმნის დასაქმებული ადამიანებისთვისაც. მაგალითად, ადრე თუ თავის გრძნობებს სხვებს გაუზირებდნენ გადაღლილობის შესახებ, ახლა გარკვეული სინდისის ქენჯნის განცდაც კი შეიძლება დაეუფლოთ, რის გამოც მათი ემოციების მიღება და გამოხატვა არ ხდება. ასევე, აღსანიშნავია ისიც, რომ ბევრი ორგანიზაცია საუბრობს კრიზისის პირობებში( რეჟიმში) მუშაობაზე, რაც ნამდვილად არ ნიშნავს ადამიანის რესურსის იმ დონემდე გამოფიტვას, რომ პოსტკრიზისში აღარ დარჩეს თანამშრომელს არანაირი რესურსი.
სახლს და სამსახურს შორის ბალანსის დარღვევის და კრიზისის რეჟიმში მუშაობის ერთ-ერთი რისკია – გადაწვა (Burnout). გადაწვა- ეს არის ემოციური, ფიზიკური და გონებრივი გამოფიტვა, რომელიც გამოწვეულია გადაჭარბებული და გახანგრძლივებული სტრესით. ამიტომ, თანამედროვე ორგანიზაციების/დამსაქმებელის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს თანამშრომლების კეთილდღეობაზე ზრუნვა.
ფსიქიკური ჯანმრთელობა და ორგანიზაციული პასუხისმგებლობა
ბევრ ქვეყანაში სახელმწიფოს მიერ შეთავაზებულ ფსიქიკური ჯანრმთელობის სერვისებთან ერთად, კერძო კომპანიები/ორგანიზაციები პასუხისმგებლობით ეკიდებიან ამ საკითხს, განსაკუთრებით, კრიზისის დროს. ეს გამოიხატება ფსიქოლოგიური ცხელი ხაზის დამატებაში, ამ საკითხებზე თანამშრომლების ინფორმირებულობის გაზრდასა და შესაბამისი ფსიქიკური ჯანმრთელობის ორგანიზაციების მხარდაჭერასა და მათთვის თანხების მოზიდვაში.
საინტერესოა, ქართული ორგანიზაციები/დამსაქმებლები, ზრუნავენ თუ არა თანამშრომლების კეთილდღეობაზე და სად გადის მათი პასუხისმგებლობის ზღვარი?კეთდება რამე მათთვის ფსიქიკური ჯანმრთელობის კუთხით, თუ ეს თემა ისევ იმდენად ტაბუ დადებულია, რომ მასზე ფიქრი, მით უმეტეს ქმედითი ნაბიჯების გადადგმაც კი მოსალოდნელი არ არის.
აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციები სხვადასხვა გზით ცდილობენ თანამშრომლების გახალისებას ამ კრიზისულ პერიოდში, მაგრამ იშვიათია ფსიქიკური ჯანმრთელობის ხელშემწყობი აქტივობები. ზოგადად, კორპორატიულ კულტურაში ისევე, როგორც ფართო საზოგადოებაში ფსიქიკური ჯანმრთელობა, კვლავ სტიგმატიზებულ თემად რჩება. ორგანიზაციებს/მენეჯერებს ნაკლებად აქვთ გაცნობიერებული, რომ მათი თანამშრომლები შესაძლოა, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებს ან მომატებულ სტრესს განიცდიდნენ.
კოვიდ-19 და ფსიქიკური ჯანმრთელობის ორგანიზაციული ასპექტები
არსებობს ასეთი ცნება სამსახურის და ცხოვრების ბალანსი. რაც გულისხმობს იმ დროის ხარისხიან დაბალანსებას, რომელსაც ერთის მხრივ, ადამიანი სამუშაოს შესრულებაში და მეორეს მხრივ, სასიამოვნო აქტივობებსა და ახლობლებთან დროის გატარებაში ხარჯავს.
ტექნოლოგიურმა განვითარებამ ისედაც დაარღვია საზღვარი ამ ორ ასპექტს შორის. შეიძლება, შაბათს პარკში ვიყოთ და უცებ მივიღოთ ელექტრონული ფოსტა სამსახურიდან, რაც გვიკარგავს მომენტის/აწმყოს განცდას. დღესდღეობით, როდესაც სახლი ოფისიც არის და სახლიც, ეს ზღვარი კიდევ უფრო მეტად დარღვეულია.
კოვიდ-19 გამოწვევები- შეიძლება კარგი დრო იყოს იმისთვის რომ ორგანიზაციები გახდნენ უფრო მიმღებლები და ღიები ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მიმართ. რომ დაიწყონ ამ საკითხებზე ზრუნვა, მითუმეტეს, იმ პერიოდში, როდესაც მომატებულია სტრესული ფონი. სასურველია, რომ ორგანიზაციებმა გააცნობიერონ, რომ თითოეული თანამშრომლის რესურსები შეზღუდულია( გამოფიტვადია), რაც აზიანებს მათ ფსიქიკურ ჯანმრთელობას.
სანამ ორგანიზაციები ამ მნიშვლელოვან ნაბიჯებს გადადგამენ რამდენიმე რჩევა ფსიქიკური ჯანმრთელობის თვით-გაფრთხილება/მოვლისთვის:
✔️ გამოყავით დრო თქვენი ემოციებისთვის. სასურველია მოახდინოთ თქვენი ემოციების და გრძნობების იდენტიფიცირება. სტრესის ზოგი გამოხატულება გაღიზიანებაში და კონცენტრაციის დაკარგვაში ვლინდება, დააკვირდით თქვენ გამოხატულებას.
✔️ აღიარეთ და მიიღეთ თქვენი ემოციები. იცოდეთ, რას განიცდით, გააცნობიერეთ, რომ ეს ‘ნორმალური’ რეაქციაა, ამიტომ მიიღეთ თქვენი ემოციები და არ დაიდანაშაულოთ თავი,რადგან ყველა ადამიანის სუბიექტური რეალობა და აღქმა განსხვავებულია.
✔️ შეეცადეთ გამოყოთ მოკლე შესვენებები. ჩართეთ სუნთქვის სავარჯიშოები თქვენს ყოველდღიურ რუტინაში, რათა ორგანიზმის დამშვიდება მოხდეს. ეს ასევე წარმოადგენს რესტარტის ფუნქციას. შეისვენეთ ონლაინ შეხვედრების ან მუშაობის დროსაც- მაგალითად, როგორც ოფისში გქონდათ ყავის შესვენება.
✔️პრიორიტეტული გახადეთ თქვენი ძირითადი საჭიროებები. კრიზისის დროს, მიდრეკილები ვართ, რომ ვუგულვებელყოთ ჩვენი ძირითადი საჭიროებები, მათ შორის საკვები, წყალი, ვარჯიში და ძილი. სტრესის შესამცირებლად ეცადეთ მიიღოთ დაბალანსებული საკვები, ხოლო მოერიდეთ ისეთ ინგრედიენტებს, როგორიცაა შაქარი და ალკოჰოლი. დალიეთ წყალი,ივარჯიშეთ ან დაისვენეთ დღეში რამდენიმე წუთის განმავლობაში. შეძლებისდაგვარად დააწესეთ რუტინული ძილის დრო.
✔️ გამოყავით ლანჩის დრო და სამსხურის და სახლის ტანსაცმელი.
✔️ ეცადეთ იყოთ აქ და ამჟამად. შაბათ- კვირას ეცადეთ არ ნახოთemail რადგან სამსხურის საქმე მომენტალურად მოახდენს თქვენი ‘სასიამოვნო’ დროის ისევ სამუშაო დროში გადაყვანას და მომენტის დაკარგვას.
✔️ ყოველდღიურად გამოყავით დრო ოჯახის, მეგობრების ან თქვენთვის სასიმოვნო აქტივობისთვის.
შეჯამება
ეს პერიოდი შეგვიძლია დავინახოთ როგორც შესაძლებლობა პოზიტიური ცვლილებისთვის. გადაღლილობის მიუხედავად, შეიძლება ეს გახდეს იმის ბიძგი და მოტივაცია, რომ შეცვალოთ ცხოვრების წესი და დაისახოთ ახალი პრიორიტეტები უკეთესი სამუშაო/ცხოვრების ბალანსის შესაქმნელად. რაც საბოლოოდ თქვენი კეთილდღეობის საწინდარი იქნება.
წყარო: https://www.mhanational.org/work-life-balance
🎓ავტორი: რუსუდან ზაალიშვილი, King’s College London-ის მაგისტრია ფსიქიკური ჯანმრთელობის (კლინიკური ფსიქოლოგიის) მიმართულებით. მან მაგისტრატურის დროს მიიღო ცოდნა და გამოცდილება სხვადასხვა კატასტროთან რეაგირების კუთხი( ეს მოიცავდა: ფსიქიკური ჯანმრთელობას, ქცევას და კომუნიკაციას). მას ააქვს სიღრმისეული გაგება დარგში არსებული აქტუალური პრობლემების, თეორიებსა და მტკიცებულებებს, თუ როგორ შეიძლება ფსიქოლოგია და ფსიქიატრია გამოყენებული იქნას კატასტროფის მზადყოფნისა და რეაგირებისთვის.
მას ასევეაქვს კვლევის შესრულების მდიდარი გამოცდილება მაღალი ევროპული სტანდარტის მიხედვით. მისი კვლევითი ინტერესებია: ფსიქიკური ჯანმრთელობა; კვლევითი ინსტრუმენტების ვალიდაცია; კოგნიტური მიკერძოებები, ადიქცია, ტრამვა, პოლიტიკის დაგეგმვა.