; კონკურსში “გამოავლინე პროპაგანდა” გამარჯვებული ახალგაზრდა ჟურნალისტის საზეიმო დაჯილდოების ღონისძიება – BBSA – Baltic Black Sea Alliance

პროპაგანდის თემაზე საუკეთესო სტუდენტური ჟურნალისტური ნაშრომის დაჯილდოების ცერემონია ორშაბათს, 25 სექტემბერს ფრონტლაინ კლუბში გაიმართა. ჟიურიმ ორი საუკეთესო ნამუშევარი 200 ევროს ფულადი პრიზებით დააჯილდოვა. ჟიურის გადაწყვეტილებით, ყველა სხვა ავტორსაც 50 ევროს ფულადი პრიზები გადაეცათ კონკურსში მონაწილეობისა და გაწეული ძალისხმევისათვის.

კონკურსი ექსკლუზიურად ბაკალავრიატისა და სამაგისტრო პროგრამების ჟურნალისტიკის სტუდენტების ინტენსიური ტრენინგის მონაწილეთთვის გამოცხადდა. ეს ტრენინგი შავი და ბალტიის ზღვის ალიანსისა და საგამოძიებო ჟურნალისტიკის ცენტრ “RE:Baltika” – ს დახმარებით ჩატარდა. სემინარის განმავლობაში მონაწილეები საგამოძიებო ჟურნალისტიკის უნარებს დაეუფლნენ, რაც მათ ყალბი ინფორმაციისა და პროპაგანდის გამოვლენასა და ზუსტი ფაქტების დადგენაში დაეხმარება.

სასწავლო კურსის გავლის შემდეგ, მონაწილეებმა ინსტრუქტორებთან, ნინო დანელიასა და სალომე უგულავასთან ერთად 6-8 კვირის განმავლობაში იმუშავეს. მუშაობის პროცესი მოიცავდა იდეების გენერირებას, მათ დახვეწას, რეპორტინგს, ინფორმაციის გადამოწმებას, რედაქტირებასა და მასალების გამოქვეყნებას.

საკონკურსოდ წარმოდგენილი პროპაგანდის თემაზე შექმნილი ნამუშევრების გამარჯვებული ავტორები დამოუკიდებელმა ჟიურიმ გამოავლინა, რომლის შემადგენლობაშიც ქართველი და ბალტიისპირელი ექსპერტები შედიოდნენ.

საპრიზო ფონდი 1000 ევროს შეადგენდა.

ჟიურის შეფასების კრიტერიუმები შემდეგი იყო: საკითხის მნიშვნელობა, კვლევის ხარისხი და სირთულე, ორიგინალობა, გაწეული ძალისხმევა, ამბის თხრობის სტილი.

ჟიურის წევრები საქართველოდან ჯანა ჯავახიშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და და სოფიკო მეგრელიძე, ასოშიეტიდ პრესის ჟურნალისტი იყვნენ, ხოლო ლატვიიდან -სარმიტე ელერტე და ალექს გრიგორიევსი, ბალტიისა და შავი ზღვის ალიანსის ორგანიზაციის წარმომადგენლები

ჟურნალისტიკის პროგრამების სტუდენტებისათვის ასეთი ტიპის კონკურსი საქართველოში პირველად ჩატარდა. მისი მიზანი ახალგაზრდა ჟურნალისტების წახალისება და გაძლიერებაა.

საკონკურსო მასალების ნახვა შესაძლებელია აქ: http://bbsa.ge/our-choice-of-top-10-database-optimization-3/

საკონკურსო მასალების მოკლე აღწერა

პრორუსული ძალები გორში

ავტორები: თათია გიუნაშვილი ,ბილი ისიანი, გუგა არჩვაძე

 

სიუჟეტი „პრორუსული ძალები გორში“ მიზნად ისახავდა გამოეკვეთა პრორუსული ძალების აქტიურობა ქალაქ გორში. სიუჟეტში ნაჩვენებია ორი განსხვავებული იდეოლოგიის მქონე პირი. ალეკო ლურსმანაშვილი კომუნისტური პარტიის წარმომადგენელია, ხოლო გვანცა დოლუაშვილი – გორის ევროპის დღეების ერთ-ერთი ორგანიზატორი. სიუჟეტის ყურებისას მაყურებელი მკვეთრად გამოხატულ რუსულ პროპაგანდას იხილავს, რომელიც არა მარტო გორში, არამედ მთელ ქვეყანაშია გავრცელებული.

თანამედროვე ცივი ომი:რუსული პროპაგანდა საქართველოში

ავტორები: თათია შაიშმელაშვილი, ეკატერინე ხარბედია

სტატია საქართველოში რუსული პროპაგანდის გამავრცელებელი ორგანიზაციის – „რუსულ-ქართული ახალგაზრდული კავშირის“ საქმიანობას აღწერს. ორგანიზაცია 2017 წლის თებერვალში შეიქმნა, რის შემდეგაც რუსული ფონდის „Русский Мир”-ის მხარდაჭერით, კრემლის ნარატივის მხარდამჭერ ღონისძიებებს ატარებს. მაგალითად, კავშირი იყო გრიბოედოვის შემოქმედების შესახებ სასკოლო ლიტერატურული კონკურსის ორგანიზატორი. ასევე, მან 9 მაისის აღსანიშნავად, თბილისში მოიწვია პუტინთან დააახლოებული ბაიკერების კლუბის „ღამის მგლების“ წარმომადგენლები. რუსულ-ქართული ახალგაზრდული კავშირის თავმჯდომარე ირაკლი ყიფიანია. საქართველოში რუსულ პროექტებზე ფონდის „Русский Мир” მიერ დახარჯული თანხები უცნობია.

საქართველო რუსული პროპაგანდის კვალდაკვალ
ავტორი: მარიამ გელიაშვილი

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთის ფედერაციის გავლენა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებზე შესუსტდა. დაკარგული გავლენის აღსადგენად რუსეთი ჰიბრიდულ ომს მიმართავს – სამხედრო ძალის გარდა, ის აქტიურად იყენებს მის ხელთ არსებულ ეკონომიკურ, ფინანსურ, პოლიტიკურ და საინფორმაციო ბერკეტებს. ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ანტიდასავლური პროპაგანდაა – მცდარი, ცრუ ინფორმაციის გავრცელება დასავლეთზე, როგორც კულტურულ, სოციალურ, პოლიტიკურ სივრცეზე. რუსული პროპაგანდა განსაკუთრებით იმ ქვეყნებში ვრცელდება, რომლებიც ჯერაც არ გამხდარან დასავლური სივრცის ნაწილი, მაგრამ ღიად აფიქსირებენ ევრო და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სურვილს. სწორედ ამიტომ, რუსეთის მთავარი სამიზნე რეგიონში ორი ქვეყანაა – უკრაინა და საქართველო.

რუსული პროპაგანდა ქართულ სოციალურ მედია სივრცეში
ავტორები: ნანი სისვაძე, გვანცა მარგიშვილი

ანტიდასავლური და რუსული პროპაგანდა ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა დღეს მსოფლიოსთვის. რუსეთი მრავალი ხერხით ცდილობს გავლენის მოპოვებასა და საზოგადოებაში ანტიდასავლური განწყობის შექმნას. კრემლი საკუთარი პროპაგანდისტული მიზნებისთვიის სოციალურ მედიას აქტიურად იყენებს საქართველოშიც.
ქართულ სოციალურ ქსელებში გაერთიანებული ჯგუფები რუსეთის პროპაგანდისტულ გზავნილებს ავრცელებენ. ყველაზე მრავალრიცხოვანი და აქტიური ჯგუფებია: „საქართველო და რუსეთი/Грузия и Россия“ და „Грузия – Россия“. ორივე ჯგუფი ცდილობს დასავლეთი წარმოაჩინოს საქართველოს და ქართული ტრადიციებისა და ქრისტიანული რელიგიის მტრად, რუსეთი კი ერთმორწმუნე, კეთილ მეზობლად.

ღონისძიების პროგრამა 

 16:00 -16:10        მისასალმებელი სიტყვა

თიკო ცომაია, შავი და ბალტიის ზღვის ალიანსი – საქართველო, GIPA

16:10 – 16:30       ცრუ ინფორმაციის სამყარო

სარმიტე ელერტე, თავმჯდომარე, შავი და ბალტიის ზღვის ალიანსი – ლატვია

ალექს გრიგორიევსი, შავი და ბალტიის ზღვის ალიანსი – ლატვია

16:30 – 17:00      შეტევა ლიბერალურ ღირებულებებზე: რა ვიცით ჩვენ

ნინო ივანიშვილი, დეკანი, ჟურნალისტიკის სკოლა, GIPA

ჯანა ჯავახიშვილი, ფსიქოლოგი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ნინო დანელია, მედია მკვლევარი, BBSA-Georgia, ილიას სახელმწიფო            უნივერსიტეტი

შოთა ღვინერია, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭო

 

17:00 – 17:30      სტუდენტური პროექტების პრეზენტაციები

პრორუსული ძალები გორში

საქართველო რუსული პროპაგანდის კვალდაკვალ

თანამედროვე ცივი ომი: რუსული პროპაგანდა საქართველოში

რუსული პროპაგანდა ქართულ სოციალურ მედია სივრცეში

 

17:30 – 18:00      შემაჯამებელი დისკუსია: ხმამაღლა ვთქვათ სიმართლე

 

18:00 – 18:20      ჟიურის შეფასება

 

18:20 – 18:30    ჟიურის გადაწყვეტილება, სოფიკო მეგრელიძე, ასოშიეტიდ პრესი

 

18: 30               დაჯილდოების ცერემონია