ფსიქიკური ჯანმრთელობის დრო მოვიდა
გრეჰემ თორნიკროფტი – ფედერაცია “გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში” გამგეობის თავმჯდომარე, ლონდონის სამეფო კოლეჯის ფსიქიატრიის, ფსიქოლოგიის და ნეირომეცნიერების ინსტიტუტის პროფესორი.
10 ოქტომბერთან დაკავშირებით გთავაზობთ გრეჰემ თორნიკროფტთან ინტერვიუს შეჯამებასა და ამონარიდებს. ფსიქიკური ჯანმრთელობის ამ დიდი მოღვაწის შეფასებები საყურადღებოა ქართველი ფსიქიკური ჯანმრთელობის პროფესიული თემისათვის. წელს თორნიკროფტი თბილისში ორდღიანი კონფერენციის – „ფსიქიკური ჯანდაცვის სერვისების ხარისხის შეფასების“ ფარგლებში იმყოფებოდა. ის ქართველ და უცხოელ კოლეგებთან ერთად, საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის მომსახურების სერვისების სტანდარტებზე სამუშაოდ ფონდ – “ღია საზოგადოება -საქართველოს” მოწვევით ჩამოვიდა.
თორნიკროფტმა რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილა ყურადღება: ის შეეხო იმ ნაპრალს, რომელიც დაბალ და საშუალო განვითარების ქვეყნებში ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებზე ხელმისაწვდომობას ეხება. მან აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, საჭიროების მიუხედავად, სამედიცინო სერვისებით მხოლოდ მცირე ნაწილი სარგებლობს, დიდი ნაწილი კი, ვისაც დახმარება სჭირდება, სისტემისთვის უხილავია.
მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელსაც თორნიკროფტი შეეხო, ქვეყანაში ფსიქიკური დაბალანსებული ზრუნვის უზრუნველყოფაა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ “ბენეფიციარების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მხოლოდ ჰოსპიტალური, ან მხოლოდ სათემო სერვისები საკმარისი არ არის და საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის სისტემა მობილური სერვისების განვითარების მიმართულებით საჭიროებს მეტ რებალანსირებას”. მან აღნიშნა, რომ საქართველოს დიდი უპირატესობა გააჩნია დიდ ბრიტანეთთან შედარებით, რადგან საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირებს ოჯახის წევრებისგან ძლიერი მხარდაჭერა აქვთ. მისი თქმით, „აუცილებელია ამ ფაქტორის გათვალისწინება და სახლში დახმარების სერვისის აწყობა”. თორნიკროფტს მიაჩნია, რომ მობილური სერვისების განვითარება უწყვეტ ზრუნვას ხელს შეუწყობს. “ასევე, კრიზისის დროს ოჯახს უნდა ჰქონდეს არჩევანი, თუ სად მიიღოს მომსახურება- სახლში თუ სამედიცინო დაწესებულებაში”, ამბობს ის.
საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებისას თორნიკროფტმა რამდენიმე პოზიტიურ მოვლენაზე გაამახვილა ყურადღება: მისი თქმით, ნათელია სახელმწიფოს მხრიდან ფსიქიკური ჯანმრთელობის სამოქმედო გეგმის მხარდაჭერა, სადაც მკაფიოდაა ხაზგასმული სათემო სერვისების განვითარების უპირატესობა. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ სათემო სერვისებში დატრენინგებულმა პროფესიონალებმა იმუშაონ. თორნიკროფტი აღნიშნავს, რომ საქართველოში სისტემის განვითარებისათვის მნიშვნელოვან წინააღმდეგობას თანამედროვე ცოდნის გარეშე დარჩენილი მომსახურე პერსონალიც ქმნის, რომელიც უფრო ხშირად პაციენტთან მაკონტროლებლის, ამკრძალავის და დამსჯელის როლში გამოდის. “პრობლემა მათ შეხედულებებსა და განწყობებშია. პაციენტების გამოკითხვა აჩვენებს, რომ ყველაზე მეტად სწორედ მომსახურე პერსონალის მხრიდან გულგრილი და უხეში დამოკიდებულება აწუხებთ. სათემო სერვისებში მუშაობა პაციენტებთან მეტ თანამშრომლობასა და დისკუსიას გულისხმობს, რომ მათ შეძლონ პრობლემებთან დამოუკიდებლად გამკლავება”, -აღნიშნა თორნიკროფტმა.
თორნიკროფტი პოლიტიკოსებისა და გადაწყვეტილებების მიმღები პირების საყურადღებოდ ამბობს, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის დრო მოვიდა!
“ამას ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მსოფლიოში ფსიქიკური ჯანმრთელობისადმი გამოვლენილი მზარდი ინტერესი ადასტურებს: მსოფლიო ბანკმა კონკრეტულად ფსიქიკურ ჯანმრთელობას მიუძღვნა მნიშვნელოვანი შეკრება. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების ხელმისაწვდომობისა და მკურნალობის გასაუმჯობესებლად მრავალი რეკომენდაცია და სახელმძღვანელო გამოსცა; გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებში ფსიქიკური ჯანმრთელობა პირველად გამოცხადდა პრიორიტეტად, მათ შორის ყურადღება გამახვილებულია სუიციდის შემცირების ინდიკატორზე;
ფსიქიკური ჯანმრთელობა მიაკუთვნეს არაგადამდებ დაავადებებს. ასევე, ფსიქიკური ჯანმრთელობა ნაწილობრივ გახდა უნივერსალური ჯანმრთელობის პაკეტის ნაწილი. ყოველივე ზემოთ თქმული ადასტურებს ფსიქიკური ჯანმრთელობის მნიშვნელობას. ამ საკითხების უგულვებელყოფა ცუდ შედეგებამდე მიგვიყვანს. ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუთვალისწინებლობა სამუშაო პროდუქტიულობის თვალსაზრისით გვიქმნის პრობლემებს. ასევე, ახალგაზრდებს განათლებასა და პოტენციალის განვითარებაში უშლის ხელს. ფსიქიკური ჯანმრთელობა ოჯახების სიმყარესა და კეთილდღეობის საწინდარია. იქ, სადაც ფსიქიკურ ჯანმრთელობას არ აქცევენ ყურადღებას, მატულობს ალკოჰოლის და ნარკოტიკების ავადმოხმარება. ასე, რომ, ფსიქიკური ჯანმრთელობა ოჯახის და საზოგადოების ყველა დონეზე მოქმედებს. ფსიქიკური ჯანრთელობის დრო დადგა, რადგან გაისიგრძეგანეს და აღიარეს მასთან დაკავშირებული პრობლემები, ასევე ნათელი გახდა, რომ ეფექტური ინტერვენციები შედეგს გვაძლევენ და ადამიანები ადეკვატური მკურნალობის შემთხვევაში რთულ პრობლემებს აგვარებენ”.
გრეჰემ თორნიკროფტს ესაუბრა თიკო ცომაია